ექსკლუზიური ინტერვიუ აქციაზე სასწაულით გადარჩენილ ბიჭთან, რომელმაც 6 დღე კომაში გაატარა

28.12.24 23:26
ექსკლუზიური ინტერვიუ აქციაზე სასწაულით გადარჩენილ ბიჭთან, რომელმაც 6 დღე კომაში გაატარა

 

 

"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი: პირველი ინტერვიუ სიკვდილს სასწაულით გადარჩენილ 21 წლის ალექსი თირქიასთან. 

პროევროპულ  აქციაზე მძიმედ დაშავებული ბიჭი მარცხენა თვალით  ჯერ ვერ ხედავს. წარბთან, თავის ქალაზე მოხვედრილმა ბლაგვმა საგანმა მას თავის ქალის ძვლები ჩაუმტვრია.

 16 დღიანი რეაბილიტაციის შემდეგ მან სამედიცინო დაწესებულება თავზე 29 ნაკერით დატოვა, თუმცა მძიმე დაზიანებების გამო, სრულფასოვან ცხოვრებას კიდევ სამი თვე ვერ დაუბრუნდება. 

ამაზე მეტად თვალს ვერ ვახელ, სამწვერა ნერვი რომ დამიზიანდა, მაგის გამო ვერ ვახელ თვალს. ხელოვნურ კომაში ვყავდით ერთი კვირის განმავლობაში. ინფექციის რისკი იყო, ტვინიც შეშუპებული მქონდა. გადაწყვიტეს ქირურგებმა რომ დავეძინებინე"- ამბობს 21 წლის ბიჭი. 

ტვინის შეშუპებისა და თავის არეში ორი უმძიმესი ოპერაციის შემდეგ, ალექსი თირქიას კომიდან გამოსვლას მთელი საქართველო ელოდა.  მძიმე დაზიანება 21 წლის ახალგაზრდამ 3 დეკემბრის დილას, 3 საათსა და 28 წუთზე მიიღო. ალექსი საპროტესტო აქციაზე მეგობართან ერთად 2 საათის მისული იყო. თეატრალური უნივერსიტეტის სიახლოვეს იდგა, როდესაც მეთოფეები სპეცრაზმის კორდონიდან გამოდიან და მხუთავი აირის კაფსულების გასოლას იწყებენ. 

თავის ქალაზე 21 წლის ახალგაზრდა კაცს სავარაუდოდ მეთოფეების მხრიდან ნასროლმა გაზის კაფსულამ ჩაუტეხა.

ვცდილობ ყველაფერი ვნახო და ისე გავიხსენო. ამათი მმართველობა არის აუტანელი. მთელი 12 წლია არანაერი შედეგი არ აქვს ამათ მმართველობას. მაგიტო ვიდექი აქციაზე რომ გამომეხატა აზრი. მეტი არაფერი მინდოდა. იყო მშვიდობიანი აქცია, არანაერი ძალადობა ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. მშვიდობიანად გამოვხატავდით პროტესტს. თითონ დაიწყეს კაპსულების სროლა და ცრემლსადენების, ჩვენ ჩვენთვის ვიყავით მშვიდად წყნარად. უნდა დაადგინონ წესით და რიგით რა მომხვდა თავში. სავარაუდოდ ეგრე იძახის ყველა რომ კაფსულა იყო"- აღნიშნა თირქიამ.

ეპიცენტრში "ტვ პირველის" რამდენიმე კამერა მუშაობდა. სპეცრაზმელებს შორის მდგარი ხუთი მეთოფიდან ერთ-ერთის, რომელიც ალექსისა და აქციის მონაწილეების მისამართით გაზის კაფსულებს დამიზნებით ჭანტურიას ქუჩის ჩასახვევიდან ისროდა იდენტიფიცირება ადვილად შესაძლებელია. თუმცა 3 დეკემბრიდან ამ დრომდე გამოძიებას არაფერი დაუდგენია.  

არამგონია ვინმემ მაგას პასუხი მოთხოვოს, ამოცნობა ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. სახეზე კარგად ჩანს კადრებში. ჩვეულებრივად შეუძლიათ, რომ ამოიცნონ მაგრამ ასე მგონია, რომ არავინ არ გააკეთებს ამას. დასჯითაც არავინ დასჯის და იქნება თავისუფალი. გააგრელებს იმას რასაც აკეთებდა დღემდე"- თქვა მან.

ალექსი მესამე ოპერაციისთვის სამ თვეში უნდა მოემზადოს. ახლა რეაბილიტაციის მძიმე კურსს გადის, კვირაში ორი დღე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. 21 წლის ტატუ არტისტს მთელი ცხოვრება ჩამოენგრა.