სკანდალური დოკუმენტი მერიიდან - კალაძის მიერ გათავისუფლებული გიგა სოფრომაძე წერილს ასაჯაროებს

30.12.24 21:59
სკანდალური დოკუმენტი მერიიდან - კალაძის მიერ გათავისუფლებული გიგა სოფრომაძე წერილს ასაჯაროებს

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, გიგა სოფრომაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომლითაც ირკვევა, რომ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივნის პოზიციიდან კონსტანტინე ჟღენტის "რეკომენდაციის" გამო გაათავისუფლეს.

კონსტანტინე ჟღენტი, რომელმაც წერილი კახა კალაძეს 23 დეკემბერს მისწერა, თბილისის მერისგან   ითხოვს, რომ საჯარო მოსამსახურეთა რეორგანიზაციის პროცესში "აუცილებლად ჩართოს თანამდებობები, რომლების დღეის მდგომარეობით შშმ პირებს აქვთ დაკავებული".

საკითხი ეხება თქვენს მიერ გაცხადებულ თბილისის მერიაში გაჯანსაღების მიზნით ჩასატარებელ საჯარო მოსამსახურეთა რეორგანიზაციის პროცესს. რომლის ფარგლებშიც, მიზანშეწონილია, რომ აუცილებლად ჩართოთ თანამდებობები, რომლებიც დღეის მდგომარეობით დაკავებული აქვთ შშმ პირებს. ჩვენი რეკომენდაცია არ არის გამოწვეული რომელიმე პიროვნების პირადი მტრობით, თუმცა შშმ პირთა უმრავლესობის აღშფოთებას იწვევს თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივნის, გიგა სოფრომაძის ქმედებები თუ უმოქმედობები, მისი გამონათქვამები და ცილისმწამებლური განცხადებები.

განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ გიგა სოფრომაძე, ნაცვლად იმისა, რომ გამოირჩეოდეს შშმ პირთა სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, იგი უგულებელყოფს მათ საჭიროებებსა და პირიქით, ცდილობს იმოქმედოს შშმ პირთა ინტერესების საზიანოდ. ამავდროულად, თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, ჩვენი კავშირისა და მისი წევრების მიმართ არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და მათ მიმართ აკეთებს ცილისმწამებლურ განცხადებებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ შშმ პირის სტატუსი არ გახლავთ ჯავშანი იმისა, რომ ერთი და იგივე პირი მუდმივად იკავებდეს თანამდებობას. შესაბამისად, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მერიის რეორგანიზაციის პროცესში საკონკურსო თანამდებობების ნუსხაში ჩართოთ ყველა ის თანამდებობა, რომლებიც დღეის მდგომარეობით დაკავებული აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

პ.ს. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ შშმ თემში არსებობს არაერთი ეთიკური და კომპეტენტური ადამიანი, რომლებიც იმსახურებენ შანსის მიცემას. ბატონო კახი, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული რეკომენდაცია", - წერს ჟღენტი.

ცნობისთვის, თბილისის მერიიდან ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი, გიგა სოფრომაძე გაათავისუფლეს

გიგა სოფრომაძეს, რომელიც დედაქალაქის მერიაში 8 წლის განმავლობაში მუშაობდა, წერილობით აცნობეს, რომ მერიის თანამშრომელი აღარ არის. 

ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი პოსტიდან მისი გადაყენების ფაქტს საკუთარ განცხადებებს უკავშირებს. მერიის თანამშრომელი, "ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდა. 

მსგავსი სიახლეები