მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული 9 პირი ბოლნისის საავადმყოფოში გადაიყვანეს - მედია
პირველი არხის ინფორმაციით, ბოლნისის საავადმყოფოში მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული ცხრა პირი შეიყვანეს.
როგორც პირველ არხს ბოლნისის საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმე იყო. ერთი დაშავებული თვალ-გუგის დაზიანებით თბილისში გადაიყვანეს, ხოლო მეორეს ყბა-სახის მძიმე დაზიანება აქვს და ასევე თბილისში ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ.
რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ექიმების ცნობით, მათ ნეკნების მოტეხილობა და დაჟეჟილობები აღენიშნებათ.
ცნობისთვის, 30 დეკემბერს, მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი მოზარდი დაიღუპა. ერთ-ერთი ახალგაზრდა ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდა ამისა, შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა კიდევ ორი ახალგაზრდა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.
ავარიას ბოლნისის სოფელ ნახიდურში არეულობა და დაპირისპირება მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლი ადგილიდან არ წავიდა, ხოლო მოსახლეობა მას ფიზიკურად დაუპირისპირდა. მძღოლმა თავის შეფარება სასწრაფოს მანქანაში სცადა, თუმცა მანქანა მოქალაქეებმა დაამსხვრიეს.
ამასთან, როგორც "პირველებს" ადგილიდან აცნობეს, მარნეულში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კლინიკა ავერსის მინები ჩაამსხვრიეს. ვითარების განმუხტვას ადგილზე მობილიზებული სასულიერო პირები ცდილობენ.
ადგილზე ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმები შეიყვანეს.