"ოცნების" რეპრესიები გრძელდება - საჯარო სამსახურიდან კიდევ ორი პირი გაათავისუფლეს
რეპრესიების ტალღამ ცესკოშიც შეაღწია. საარჩევნო კომისიიდან რეორგანიზაციის მიზეზით გათავისუფლებულია ეიჩარ დეპარტამენტის თანამშრომელი. ეკა ბაქრაძე 20 იანვრიდან სამსახურის გარეშე ოფიციალურად რჩება.
საჯარო მოხელე მრავალწლიანი სტაჟით დარწმუნებულია, რომ რეჟიმის სამიზნე საკუთარი სამოქალაქო პოზიციის გამო გახდა. "პირველებთან" საუბარში ბაქრაძე ამბობს, რომ რეორგანიზაცია მხოლოდ და მხოლოდ საფუძველია, ხოლო რეალურად, მისი გათავისუფლება ორ მთავარ მიზეზს უკავშირდება. მისი თქმით, სამუშაო სივრცეში თანამშრომლებთან "ოცნების" მიერ შეჩერებული ევროინტეგრაცია გააპროსტა. კიდევ ერთ მიზეზად ბაქრაძე ასახელებს იმ გარემოებას, რომ მისი ოჯახის წევრები ოპოზიციურ პარტიასთან არიან აფელირებულნი.
ჩემს შემთხვევაში საერთოდ საოცრება მოხდა. 16 დეკემბერს ბრძანება მოგვივიდა ფოსტაზე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და უკვე 17 დეკემბერს დეპარტამენტის უფროსმა გამოგვიცხადა, ვმუშაობ ეიჩარ დეპარტამენტში, რომ რამდენიმე ადამიანს გვეხებოდა ეს შემცირება და მეც ვიყავი ამ სიაში. ჩემი ოჯახის წევრები არიან ოპოზიციურ პარტიებთან აფელირებული და შესაბამისად, ამას უკავშირდება. ერთ-ერთი პუნქტი ალბათ ესეც იყო ჩემი გათავისუფლების მიზეზი. მეორე იყო ევროინტეგრაცია. მე ამასთან დაკავშირებით უკვე 30 ნოემბერს მაქვს განცხადება ფეისბუქზე გაკეთებული, შემდეგ მაკა ჩიხლაძის ცემასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება და მანამდე კიდევ, როცა რუსული კანონის მიღება მოხდა, იმ მოვლენას, რა თქმა უნდა, ვაპროტესტებდი. ეიცარ დეპარტამენტის უფროსსაც და გიორგისაც( კალანდარიშვილს) მივწერე წერილი, რამდენიმე პუნქტი მქონდა ჩამოთვლილი და მაინტერესბდა ამათთან დაკავშირებით პასუხები. თვითონ მიიღო გადაწყვეტილება (კალანდარიშვილმა), ამ ეტაპისთვის ამ სამსახურს ჩემი კადრი აღარ სჭირდება, - ამბობს ეკა ბაქრაძე.
რეპრესიების კიდევ ერთი მსხვერპლი ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძეც, რომელიც ასევე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბუცხრიკიძეც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და იმ ძალადობას აპროტესტებდა, რომელსაც პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ სჩადიოდა.
ბუცხრიკიძე ამბობს, რომ კანონი, რომელიც "ოცნებამ" დაჩქარებული წესით მიიღო, საუბარია საჯარო სამსახურის შესახებ ცვლილებებზე, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ საჯარო სექტორი მოწყვლადი გახდეს.
უბრალოდ, როგორც რიგითმა მოქალაქემ ჩემი აზრი დავაფიქსირე და ამის გამო მოხდა ჩემი გათავისუფლება. მინდა, აღვნიშნო, რომ მე შტატიანი თანამშრომელი ვიყავი და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის რედაქციით გამათავისუფლეს. მითხრს, რომ არასწორ გზაზე ვიდექი და გუნდურობის პრინციპი დავარღვიე. მეც ვუთხარი, რომ ფეხბურთის გუნდში არ ვთამაშობ და საჯარო მოხელე ვარ. უბრალოდ, კანონის შესაბამისად ვმოქმედებდი ყოველთვის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ახალი რედაქცია, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, როგორც „ქართული ოცნება“ იძახის, გააჯანსაღებს საჯარო სექტორს, არ გააჯანსაღებს, პირიქით, ბევრი საჯარო მოხელე დატოვებს თავის პოზიციას. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს არის კორუფციის უმაღლესი დონის რისკი. საჯარო რგოლი ყოველთვის იყო მუხრუჭი თანამდებობის პირებისთვის. ახლა ეს მუხრუჭი მოიშალა, მოირღვა და ახლა ბევრ კორუფციას ვიხილავთ, - ამბობს მიხეილ ბუცხრიკიძე.
უკვე რამდენიმე კვირაა, "ოცნება" მისთვის არსასურველ საჯარო მოხელეებს თანამდებობიდან ერთმანეთის მიყოლებით ათავისუფლებს.