"რუსთაველის წმენდის ოპერაცია" - ოპოზიციის თქმით, დედაქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია აქციების დაშლას უკავშირდება

03.01.25 13:25
"რუსთაველის წმენდის ოპერაცია" - ოპოზიციის თქმით, დედაქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია აქციების დაშლას უკავშირდება

რუსთაველის წმენდის ოპერაცია - ასე აფასებს მერიის მიერ დედაქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას და ტენდერების გამოცხადებას კოალიცია "ცვლილებისთის" წევრი, ბესო დონაძე.

დონაძის თქმით, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლაზე თანხმობები წინა წლებში არსებობდა, თუმცა მერიას რუსთაველის გამზირის სასწრაფო რეაბილიტაცია მიზანშეზონილად ამ დრომდე არ მიუჩნევია, ამიტომ მისთვის ნათელია, რომ ეს ყველაფერი აქციების დაშლას უკავშირდება. 

2021-22 წლებში უკვე არსებობდა მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლაზე თანხმობები სხვადასხვა კომპანიებიდან და თუ ეს გადაუდებელი და ძალიან სასწრაფოდ სარეაბილიტაციო იყო რუსთაველი, მაშინ რატომ არ განახორციელეს რეაბილიტაცია 2022-ში, 2023-ში, 2024-ში და რატომ ელოდებოდნენ 2025-ს? ეს არის რუსთაველის წმენდის ოპერაცია, ინფრასტრუქტურული პროექტით შეფუთული. ამის მაგალითები ჩვენ გვავქს, როდესაც ყვავილების ქოთნები გააკეთა და ჩაკეტა კალაძემ. ასევე ამის მაგალითი გვაქვს კანცელარიასთან ლაზარეს გათავისუფლების აქციის წინ რომ სკვერის გაკეთება დაიწყეს და სხვათაშორის, იმ სკვერის ხარჯები სახელმწიფო საიდუმლოებაა", - აცხადებს ბესო დონაძე. 

"ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე კი ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმს რაც წყლის ჭავლის მანქანებით არ გამოუვიდა, იმას ტრაქტორებით ვერ განახორციელებს. 

რა თქმა უნდა, ეს კავშირშია იმ აქციებთან, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს რუსთაველზე. მათ ვერ დაგვშალეს წყლის ჭავლით და უნდათ, რომ ახლა ტრაქტორებით დაგვშალონ, მაგრამ არ გამოუვათ. შესაბამისად, მოხდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, ოღონდ მას შემდეგ, რაც მოხდება ქვეყნის რეაბილიტაცია რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილისგან და მისი რუსული მთავრობისგან", - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

საპროტესტო აქციების ფონზე, მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის ემზადება. ტენდერებზე წინადადებების მიღება 2025 წლის 9 იანვარს დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ტენდერები 24 დეკემბერს გამოცხადა, რომლის ჯამური ღირებულება 28 440 411 ლარია.

შესაბამისი შესყიდვები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე აიტვირთა.

ფოტო: ezz gaber