რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - ექსპერტები კორუფციასა და თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ
როდიდან დაიწყებენ რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს? - თბილისის მერია სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს ეძებს. 28 მილიონიან ტენდერს, სავარაუდოდ, ოთხ სხვადასხვა კომპანიას ჩააბარებენ.
ექსპერტები კორუფციაზე საუბრობენ და ვარაუდობენ, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის ნაწილი ჩინოვნიკების ჯიბეში წავა.
საზოგაოებამ უნდა იცოდეს, რომ კორუფცია არ არის თანხების პირდაპირ ჯიბეში მიმართვა. კორუფციის ნაირსახეობაა არამიზნობრივი ხარჯვა. ამ შემთხვევაში, როცა არ არის საჭიროება, ან სხვა სფეროში უფრო არის ხარჯვა მნიშვნელოვანი, ბუნებრივია, ეს არამიზნობრივი ხარჯვა ჩვეულებრივი ტიპის კორუფციაა და მერწმუნეთ, რომ ამ პროექტებიდანაც გარკვეული მარჟა მიემართება არაფორმალურად ჩინოვნიკების ჯიბეში", -ამბობს ბადრი ნიაური.
საპროტესტო აქციების ფონზე, მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის ემზადება. ტენდერებზე წინადადებების მიღება 2025 წლის 9 იანვარს დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ტენდერები 24 დეკემბერს გამოცხადა, რომლის ჯამური ღირებულება 28 440 411 ლარია.
ქვეყნის ცენტრალურ გამზირზეე დაგეგმილია დახურული ტიპის ბეტონის არხის მოწყობა, რომელიც ტროტუარებზე განთავსდება. უნდა შეცვალონ ელექტროგაყვანილობის საკომუნიკაციო კაბელებიც. დაამონტაჟებენ სარწყავ სისტემას და დააგებენ ახალ ტრასასაც, თუმცა ეს ყველაფერი მოხდება მაშინ, როცა რუსთაველის გამზირი საპროტესო შეკრების მთავარ ეპიცენტრშია მოქცეული. იქ ევროპული მომავლის მცველები და რეჟიმის მოწინააღმდეგები ყოველ საღამოს უწყვეტად იკრიბებიან.