მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს - ემსახურება თუ არა კალაძის გეგმა პროტესტის ჩახშობას?
იქ, სადაც უკვე 37 დღეა უწყვეტი პროტესტია, კალაძე მძიმე ტექნიკის ჩაყენებას გეგმავს. მალე რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. თბილისის მერიამ პროექტი 4 ტენდერში გადაანაწილა. სამუშაოების ჯამური ღირებულება 28 მილიონ ლარზე მეტია. ირკვევა, რომ გამზირის რეაბილიტაციის დოკუმენტაცია 2022 წლიდან გამზადებულია, თუმცა სამუშაოების დაწყება მხოლოდ ახლა გადაწყვიტეს, რაც აჩენს ეჭვს, რომ რეაბილიტაცისს დაწყება მთავარ გამზირზე საპროტესტო მუხტის ჩახშობას ემსახურება.
თბილისის მერიამ ტენდერი 24 დეკემბერს გამოაცხადა, 14 იანვარს კი გავიგებთ, რომელი კომპანიები მიიღებენ ბიუჯეტიდან მილიონებს რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ დედაქალაქის მერი ახლა ცდილობს, ქალაქის განვითარებაზე ზრუნვის საბაბით, სახალხო პროტესტიდან ყურადღება ინფრასტურქტურულ პროექტებზე გადაიტანოს.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სამუშაოები დაგეგმილია რუსთაველის მეტროდან ჭოველიძის, ალექსანდრე ჭავჭავაძის და ჭიჭინაძის ქუჩებამდე. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ყოველთვის, როცა ქუჩაში პროტესტია, "ქართული ოცნება" ყველა მეთოდით ცდილობს, მუხტი ჩაახშოს. ერთ-ერთი მაგალითი მთავრობის ადმინისტრაციის ეზოს შემოღობვაა.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.