რას ითვალისწინებს არალეგიტიმური პრეზიდენტის ხელმოწერილი რეპრესიული კანონები
თუ საპროტესტო აქციაზე პირბადით ისევ გახვალ, 2000 ლარით დაჯარიმდები. კანონი ძალაში უკვე შევიდა. მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არც პირბადის ტარება შეგიძლია, არც ნიღბის, არც აირწინაღის. ვიდრე ეს კანონი იარსებებს, მომავალში ცრემლსადენი გაზისგან თავს ვეღარაფრით დაიცავ და თუ დაიცავ, დაჯარიმდები.
პაატა გაფრინდაშვილი ექიმია და მას პირბადის დანიშნულება ყველაზე კარგად ესმის. თუმცა ბევრისთვის, ვინც რუსთაველის გამზირზე უკვე თვეზე მეტია დგას, ამ კანონის მიღების მიზნების ამოსახსნელად დიდი ცოდნა საჭირო არაა. კანონის ავტორები ამბობენ, რომ ეს ძალადობის პრევენციისთვის ხდება, თუმცა ამ კანონის რეპრესიულ დანიშნულებაში ცოტას თუ ეპარება ეჭვი. რეგულაციის კეთილი მიზნები საეჭვო იმ ფონზეცაა, როცა მოქალაქეებზე შენიღბული რობოკოპები და კრიმპოლის თანამშრომლები ძალადობდნენ და არცერთ მათგანს არ აქვს მაიდენტიფიცირებელი ნიშანი.
5000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს აქციაზე პიროტექნიკით ყოფნა, მიუხედავად იმისა, გამოიყენებ თუ არა მას მანიფესტაციის დროს. 2000 ლარიანი ჯარიმა დაგეკისრება თუ ლაზერს გამოიყენებ და უფრო მეტიც, თუ პროტესტს მსვლელობით შეუერთდები, მართვის უფლებას 1 წლით ჩამოგართმევენ და 1000 ლარით დაგაჯარიმებენ.
კიდევ ერთი ახალი კანონით, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ხელი სავარაუდოდ წაკითხვის გარეშე მოაწერა, და უკვე ძალაშია. მარტივდება პირის დაკავებაც. შესაძლოა, არ ჩაიდინოთ დანაშაული, მაგრამ პოლიციამ მაინც დაგაკავოთ, იმისთვის რომ მომავალში არ ჩაიდინოთ დანაშაული.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.