შანაი ბრუკის მკვლელობის საქმე - დაკავებულია საქართველოს მოქალაქე

08.09.21 16:02
 შანაი ბრუკის მკვლელობის საქმე - დაკავებულია საქართველოს მოქალაქე

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად დაადასტურა. 

შს სამინისტრომ ნივთმტკიცების სახით მკვლელობის იარაღი, დანა, ამოიღო. 

გომელაურის უწყების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის კაცი მიმდინარე წლის 8 სექტემბერს თბილისში დააკავეს.   მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

გამოძიებამ ჩაატარა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს.

შესწავლილ იქნა შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და დათვალიერდა შემთხვევის დღეს შანაი ბრუკის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ასევე, შემთხვევის ადგილის, მისი დროებითი საცხოვრებელი სახლისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები.

საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისა და სამართლებრივი დახმარების ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიება:

კერძოდ, დისტანციურად გამოკითხულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი, შანაი ბრუკის მეგობარი, რომელთანაც შანაი ბრუკს გარდაცვალებამდე ჰქონდა კომუნიკაცია, სოციალური ქსელის მეშვეობით.

ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, სავარაუდო დამნაშავის ბიოლოგიური კვლები, დნმ-ის ბაზებთან შედარების მიზნით, გადაგზავნილ იქნა ინტერპოლის წევრ 194 სახელმწიფოში.

აღნიშნულ დანაშაულთან სავარაუდოდ შემხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებზეც დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზები. მოხდა თითოეული მათგანის დეტალური გამოკითხვა, მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია ალიბები, თუ სად იმყოფებოდნენ შანაი ბრუკეს გარდაცვალების დროს, გადამოწმდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით. კომპლექსური და მრავალმხრივი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა ზემოთ აღნიშნულ პირთა წრე, ხოლო, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა"- აცხადებენ შს სამინისტროში. 

საქართველოში მცხოვრები ავსტრალიელი ქალი 30 ივლისს გაუჩინარდა. შანაი ბრუკის, ცხედარი 31 ივლისს მთაწმინდის  ერთ-ერთ ფერდზე იპოვეს. ქალს დაზიანების კვალი აღენიშნებოდა. მკვლელობიდან 1 თვეზე მეტი გავიდა,  თუმცა შსს-ს ამ დრომდე მკვლელის ვინაობა დადგენილი არ ჰქონდა. 

თავდაპირველად გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ს 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა 1 ივლისს  მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.