საპატრიარქოს 2-ვე ფრთა უწმინდესის სახელს თავიანთი პოლიტიკის გასატარებლად იყენებს - თეოლოგი პატრიარქის დამონტაჟებულ მილოცვაზე

04.01.25 13:11
საპატრიარქოს 2-ვე ფრთა უწმინდესის სახელს თავიანთი პოლიტიკის გასატარებლად იყენებს - თეოლოგი პატრიარქის დამონტაჟებულ მილოცვაზე

 

სკანდალური აღიარების შემდეგ, საპატრიარქოში სრული დუმილია. ვისი დავალებით და ვისი ორგანიზებით გავრცელდა პატრიარქის დამონტაჟებული და ყალბი მილოცვა ახალი წლის ღამეს? - მღვდელმთავრები განმარტებებს არ აკეთებენ.
მაღალი იერარქები პატრიარქისთვის იუბილის მისალოცად ჯერჯერობით არ გამოჩენილან, თუმცა "პირველების" ინფორმაციით, ილია მეორესთან დღეს მღვდელმთავრების ნაწილი აუცილებლად მივა. 

თეოლოგები კი საპატრიარქოში არსებულ დაძაბულ მდგომარეობაზე და ორი ფრთის არსებობაზე საუბრობენ. გოჩა ბარნოვის თქმით, 2-ვე ფრთა უწმინდესის სახელს თავიანთი პოლიტიკის გასატარებლად იყენებს. 

მისივე განცხადებით, პატრიარქის ავტორიტეტის სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენება ძალიან ცუდია და არანაირი საერთო არ აქვს ქრისტიანობასთან.

ზოგადად საპატრიარქოში ამჟამად არის ორი ფრთა. ერთი ეს გახლავთ შორენა თეთრუაშვილის თავისი ეპისკოპატით და სამღვდელოებით და მეორე ეს არის შიო მუჯირის და ჯაღმაიძის დაჯგუფება. რა თქმა უნდა, ორივე ფრთას აწყობდა, იმიტომ რომ ორივე ფრთა სარგებლობს პატრიარქის ამ ავტორიტეტით, ამიტომ მის სახელს ყოველთვის იყენებენ, ასე ვთქვათ თავიანთი პოლიტიკის გასატარებლად.
საპატრიარქოში არის, ასე ვთქვათ საკმაოდ დაძაბული მდგომარეობა, იმ გაგებით, რომ არ იციან რა გააკეთონ, როდესაც ყველაზე რეიტინგული პიროვნება ასეთ მდგომარეობაში იმყოფება. გამოდის და ამბობს, რომ მე საქმის კურსში არ ვარ არ ვიცი, რა ვიდეოზეა საუბარი, ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია. ამ დროს facebook- ზე დებენ დასქრინულს, რომ მის facebook - გვერდზე დევს ზუსტად ეს ვიდეო, ამიტომ ის საქმის კურსში იყო და გააშიარა კიდეც. გამოყენება მისი, მისი სახელის, ავტორიტეტის სხვადასხვა მიზნებისთვის არის ძალიან ცუდი და არანაირი საერთო არ აქვს ქრისტიანობასთან'', - ამბობს გოჩა ბარნოვი.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ გუშინ დაადასტურა, რომ ილია მეორეს საახალწლო მიმართვა მონტაჟია და არა წელს ჩაწერილი ვიდეო.

ახლა მთავარი კითხვაა,  როგორ  და ვისი მითითებით გავრცელდა პატრიარქის მიმართა, რომელიც ახალი წლის ღამეს სამთავრობო მედიამ, წინასწარ ჩაწერილ საახალწლო კონცერტის სიგნალთან ერთად გაავრცელა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქის მოსაყდრე არის მეუფე შიო. ის არის სწორედ მმათველი საპატრიარქოში, ამიტომაც საინტერესოა, იცოდა თუ არა აღნიშნულის შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ილია მეორეს ვიდეოს აჟიოტაჟი მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი ირწმუნებოდა, რომ მილოცვა ახალი არ არის და პატრიარქის სიტყვები წინა წლების მილოცვის ტექსტიდანაა ამოღებული და დამონტაჟებული.