როგორ ხსნის "ვისოლი" სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრების ამოჭრას - პირველი კომენტარი
როგორ ხსნის "ვისოლი" სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრების ამოჭრას - "პირველებისთვის" გამოგზავნილ პასუხში კომპანია იტყობინება, რომ მსახიობთან კონტრაქტი 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით ჰქონდათ.
"ვისოლი" ირწმუნება, რომ კადრის ამოჭრა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან არ არის დაკავშირებული და რომ მომავალშიც სიამოვნებით ითანამშრომლებენ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან.
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა “ვისოლის” ლოიალობის აპლიკაციის სარეკლამო კლიპში. რეკლამა სატელევიზიო ეთერში აპლიკაციის შემახსენებელი კომუნიკაციის ფარგლებში განმეორებით გავიდა 2024 წლის სექტემბრიდან, რაზეც მსახიობთან დავდეთ დამატებითი კონტრაქტი. ახალი შეთანხმების საფუძველზე მისი მონაწილეობით კადრის გამოყებების ნებართვა კომპანიას ჰქონდა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით. შესაბამისად, კომპანიამ
მხოლოდ და მხოლოდ დაიცვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი კადრის ამოჭრა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან არის რაიმე სახით დაკავშირებული, არის სრული აბსურდი, მტკნარი სიცრუა და დეზინფორმაცია. აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი კომპანია მომავალშიც, ნებისმიერ დროს, სიამოვნებით ითანამშრომლებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან", - ნათქვამია "პირველებისთვის" გამოგზავნილ პასუხში.
"ვისოლმა" სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები ამოჭრა და ეთერში ისე გაუშვა. მსახიობი, რომელიც მიმდინარე აქციების ფარგლებში დააკავეს, ორ ეპიზოდში მონაწილეობდა.
ცნობისთვის, Wissol ჯგუფის დამფუძნებელი სოსო ფხაკაძეა. ის "ოცნების" მხარდამჭერ ბიზნესმენთა რიგებში ერთ-ერთი მოწინავეა.
- შეგახსენებთ, რომ მსახიობს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.