სასწრაფოს ბრიგადების ხმის ფარული ჩაწერის გამო ინსპექტორმა დამსაქმებელი სამართალდამრღვევად ცნო

08.09.21 16:21
სასწრაფოს ბრიგადების ხმის ფარული ჩაწერის გამო ინსპექტორმა დამსაქმებელი სამართალდამრღვევად ცნო

სახელმწიფო ინსპექტორმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ დასაქმებულების უკანონო აუდიო ჩაწერა სამართალდამრღვევად ცნო.

პროფკავშირების ინფორმაციით, დავა 2021 წლის ივნისიდან მიმდინარეობდა, მას შემდეგ, რაც სამართლებრივი დახმარების თხოვნით პროფესიული კავშირების გაერთიანებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წევრმა, ნუგზარ ნემსიწვერიძემ, მიმართა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გარდა იმისა, რომ სამართლადამრღვევად ცნო ცენტრი და მისცა გაფრთხილება, დაავალა, 20 დღის ვადაში წაშალოს აქამდე არსებული აუდიო ფაილები, წაშლის დამადასტურებელი მტკიცებულებები კი წარუდგინოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

ეჭვი კი იმის შესახებ, რომ ვიდეო კამერებს ხმის ჩაწერის ფუნქციაც ჰქონდა, ნემსიწვერიძეს გარკვეული ხნის წინ მომხდარი ინცინდენტის შემდეგ გაუჩნდა, როდესაც იგი ფილიალის მენეჯერმა დაიბარა, მოასმენინა აუდიოჩანაწერები და და ახსნა-განმარტება დააწერინა, რომ ერთ-ერთ ცვლაში დროულად არ დაასრულა გამოძახება და იმ დროს, როდესაც უნდა წასულიყო სხვა გამოძახებაზე და 10 წუთი უსაქმოდ იჯდა მანქანაში. მენეჯერი ნუგზარ ნემსიწვერიძეს ეუბნებოდა, რომ ახსნა-განმარტებაში უნდა ეღიარებინა დარღვევა და აღარ გაემეორებინა მსგავსი რამ“, – აცხადებენ პროფკავშირები.

ამ გარემოებებზე დაყრდნობით სახელმწიფო ინსპექტორმა ცენტრი ცნო სამართალდამრღვევად და განმარტა, რომ:

  • სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრების მიერ მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების მიწოდების ხარისხისა და დროულობის გასაკონტროლებლად დასაქმებულთა ხმის ჩაწერა არ არის ადეკვატური საშუალება და მიზნის მისაღწევად პროპორციული ზომა, რადგან სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრების მიერ გამოძახებებზე დროულად მისვლა და დასრულება ისედაც მოწმდება მანქანაში დამონტაჟებული GPS სისტემის მეშვეობით.
  • სამომავლო დავებისთვის თავის დაცვის მიზნით დასაქმებულთა ხმის ჩაწერა მუდმივ რეჟიმში ბუნდოვანი მიზანია, რადგან ამ მიზნის მისაღწევად ცენტრი ისედაც აკონტროლებს სასწრაფო დახმარების მანქანის გარე პერიმეტრს საქარე მინაზე დამონტაჟებული ვიდეო კამერის მეშვეობით;
  • ასევე, ბუნდოვანია ცენტრის მიერ დასახელებული მიზანი, რომ აუდიო ჩაწერა აუცილებელია სასწრაფო დახმარების მანქანის ინვენტარის დაზიანებისგან დასაცავად და ბრიგადის წევრებს შორის ურთიერთდაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გაუგებარია, როგორ ახერხებს ამ პრობლემების პრევენციას აუდიო ჩაწერა;
  • ცენტრმა მოკვლევის ფარგლებში შეწყვიტა ხმის ჩაწერა, რაც, ასევე, მიუთითებს ხმის ჩაწერის აუცილებლობის არარსებობაზე;
  • ფორმა, რომლითაც ცენტრი იწერდა დასაქმებულთა ხმას, წარმოადგენს დასაქმებულთა პირად ცხოვრებაში განსაკუთრებით მაღალი ხარისხით ჩარევას, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მათ ყოველდღიურ ქცევაზე;
  • საქართველოს კანონმდებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო იყო ცენტრის მიერ აუდიო ჩაწერის შესახებ დასაქმებულთა ინფორმირების ფორმაც.