მამა შალვა ტყუილში ამხილეს - სასულიერო პირი ბოდიშს იხდის
მამა შალვამ ბოდიში "ტვ პირველთან" საუბრის დროს საჯაროდ მას შემდეგ მოიხადა, რაც ერთ-ერთი ქადაგების დროს იცრუა და ტყუილში ამხილეს. მამაომ ამბიონიდან თქვა, რომ ჟურნალისტი ანა მამულაშვილი მოკლეს. მისივე განმარტებით, ახალგაზრდა ქალს "იმედის" ტელევიზიის დარბევის დროს თავში რეზინის კეტი ჩაარტყეს, რის შემდეგაც სიმსივნე განუვითარდა და გარდაიცვალა.
მამა შალვა ტყუილში ჟურნალისტის შვილმა, მია გოგელაშვილმა ამხილა, რომელიც ამბიონიდან გაკეთებულ განცხადებას ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა და თქვა, რომ ამბავი გამოგონილია. ახალგაზრდა ქალი წერს, რომ მამა შალვა მისი ოჯახის ტრაგედიას არაადამიანურად იყენებს და მას გარდაცვლილი დედის სულის შეურაცხყოფას არ აპატიებს.
მამა შალვა დღეს "პირველების" კამერასთან წირვის დასრულების შემდეგ გამოჩნდა. ვთხოვეთ პასუხი კითხვაზე, რატომ მოიტყუა ამბიონიდან ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზის შესახებ. გვიმტკიცებს, რომ ანა მამულაშვილი და მისი ოჯახი მისი უახლოესი გარემოცვის წევრები არიან. გვეუბნება, რომ ამ ტრაგედიის შესახებ მას ეს ინფორმაცია ჰქონდა და გამიზნულად არაფერი მოუტყუებია, თუმცა გაურკვეველია, რატომ არ იცოდა ანას გარდაცვალების რეალური მიზეზი, თუ გარდაცვლილი ქალი მისი ახლო მეგობარი იყო.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.