ექსკლუზივი: შანაი ბრუკის მკვლელობის საქმე - ბრალდებული "ქართული ოცნების" წევრია

08.09.21 20:03
ექსკლუზივი: შანაი ბრუკის მკვლელობის საქმე - ბრალდებული "ქართული ოცნების" წევრია

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის, მკვლელობის საქმე - ტვ პირველმა უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით თბილისში დაკავებული რაფაელ მურსაკულოვის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაციის გარკვევა შეძლო. 

"პირველების" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ოფიციალურად დგინდება, რომ რაფაელ მურსაკულოვი ,,ქართული ოცნების" წევრია.

უფრო კონკრეტულად, მურსაკულოვი მთაწმინის ოლქში, საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლად 2021 წლის 23 აგვისტოს დანიშნეს - ანუ სასტიკი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში. 

"ტვ პირველმა" ასევე მოიპოვა ფოტომტკიცებულებაც, რომელიც საარჩევნო შტაბშია გადაღებული.  მურსაკულოვი ,,ოცნების" წევრთან  პოზირებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განსხვავებით, 33 წლის ბრალდებული მმართველ პარტიასთან საკუთარ კავშირს არ მალავდა, რაფაელ მურსაკულოვს facebook-ის პირად გვერდზე სამუშაო ადგილად "ქართული ოცნება" აქვს მითითებული. 

31 წლის შანაი ბრუკს თბილისის ტურისტულ ზონაში სასიკვდილო ჭრილობები დანით 40 დღის წინ მიაყენეს. ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ დანაშაული გახნილად დღეს გამოაცხადა, თუმცა გომელაურის უწყებას ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და საზარელი მკვლელობის მოტივი არ დაუსახელებია.    საგანგებო ბრიფინგზე თქვეს მხოლოდ ის, რომ იპოვეს დანაც,  რომლითაც ქალი მოკლეს.