სამხედრო ექიმის გატაცება საოკუპაციო ხაზიდან - რას ყვებიან ადგილობრივები

06.01.25 11:33
სამხედრო ექიმის გატაცება საოკუპაციო ხაზიდან - რას ყვებიან ადგილობრივები

სამხედრო ექიმის გატაცება საოკუპაციო ხაზიდან - სოფელ ფხვენისის მოსახლეობა მომხდარის შესახებ საუბრობს. ადგილობრივებს უკვირთ, როგორ აღმოჩნდნენ მამულია და მისი თანმხლები პირი სოფელ ნიქოზში, საიდანაც ისინი ოკუპანტებმა გაიტაცეს.

ვანო ჯაფიაშვილის დედა "პირველებთან" ამბობს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. იცის მხოლოდ ის, რომ მისი შვილი მედიკოს მამულიასთან ერთად იმყოფებოდა.  

ვიცი, რომ იქ არიან და სხვა არაფერი ვიცი. ერთად იყვნენ მამულია და ჩემი შვილი. რა მოხდა და როგორ, ვერ გეტყვით, არაფერი ვიცი, - ეუბნება "პირველებს" დაკავებული ვანო ჯაფიაშვილის დედა. 

დაკავებულია, დაიჭირესო და სად დაიჭირეს-მეთქი. აქ, ნიგოზშიო. ჩვენი ტერიტორიაა და ეგრე როგორ მოხდა, ყველა მაგას კითხულობს, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.  

ვანო საღამოს ვნახე, უნდა მოეგვარებინა დარბაზის საკითხი, მეორე დღეს იყო მამამისის წლისთავი და იფიქრეს ალბათ, ნათესავიც უნდა გამოეყვანათ. წლისთავს უნდა დასწრებოდა ისიც. ვარაუდობენ, რომ ლიანდაგს აყვნენ ეგენი, - ყვება ადგილობრივი.  

საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ექიმი ალექსი მამულია და მასთან ერთად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ვანო ჯაფიაშვილი.

ფაქტის შესახებ ინფორმაცია  თავდაპირველად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 დეკემბერს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე.

მოგვიანებით, ცხინვალის ე.წ უშიშროების კომიტეტმა გაასაჯაროა გატაცებულების ვინაობა. ექიმ ალექსი მამულიას და ვანო ჯაფიაშვილს ე.წ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ცხინვალის ე.წ უშიშროების კომიტეტი მამულიას და ჯაფიაშვილს ბრალს სდებს ე.წ საზღვრის გადაკვეთას და უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამოქცეული ქართული გვარის მქონე რუსეთის მოქალაქის ვლადიმერ მამარდაშვილის დახმარების მცდელობას.