სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06.01.25 11:58
სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ილია მეორის სამძიმრის წერილს აქვეყნებს. 

პატრიარქის განცხადებით, გარდაცვლილთათვის ლოცვები აღევლინება.

ბატონ ვიტალი ჭოლარიას და ქალბატონ ქრისტინე სორდიას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში, თქვენს ოჯახში, მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა.

ერთდროულად ხუთ შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ; ეს განშორება კი დროებითია.

აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიას და სოფიოს უკვდავ სულთათვის და შევთხოვთ უფალს, მოგანიჭოთ ნუგეში და ლოცვის ძალა“, - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმარში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები