თავს დასჯილად არ ვთვლი, ამას პატივად მივიღებ და ისე ვატარებ - რეჟიმის პატიმრის წერილი "ტვ პირველს"
რეჟიმის პატიმარი "ტვ პირველს" გლდანის ციხიდან წერილს უგზავნის. რეზო კიკნაძე, რომელიც ახლა სასჯელს გამოგონილი ბრალდებით იხდის, წერს, რომ მისთვის დიდი პატივია, იბრძოლოს საქართველოსთვის.
ახალგაზრდა მამაკაცი იხსენებს დაკავების მომენტს. ნიღბიანები მას 8 საათის განმავლობაში ემუქრებდნენ და აშანტაჟებდნენ. აიძულებდნენ, ეთქვა, რომ აქციებში მონაწილეების სანაცვლოდ ფულს უხდიან. კიკნაძე პირდაპირ წერს, რომ კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში მეტი ბოროტმოქმედი ნახა, ვიდრე ერთი თვის მანძილზე ციხეში.
ჩემი დაკავება რეალურად მოხდა მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირდაპირ გასატარებელი ავტომატების წინ, მაგრამ მათ გააყალბეს ოქმები და ჩაწერეს ვითომდა დამაკავეს ლისზე ანუ ადგილზე, სადაც ცხოვრებაში ერთხელაც არ ვყოფილვარ იქამდე. ლისზე რომ ვიყავით, ეგეც მათი საუბრიდან გავიგე. მთელი რვა საათის მანძილზე რატომღაც ყოველ წუთას მიმითითებდნენ მუქარით და შანტაჟით, რომ ვიღაც არ არსებული ორგანიზატორები დამეწერა, გვარებიც თავად მითხრეს - გვარამია, ჯაფარიძე და ხოშტარია ჩაწერე, თითქოს ფულს გიხდიდნენ დღეში ხუთას ლარში, ფოიერვერკების გირიგებდნენ და წინ დგომას და რაღაცების სროლას გავალებდნენ. თან ამას ყველა სათითაოდ გავალებდა. ჯერ პირველად თავში წამომარტყეს, ალბათ მანიშნეს ყველაფრის გამკეთებლები ვართო, მერე ლისზე ჩემზე ლაპარაკობდნენ, "აი, ვთხრით უკვე ტრაქტორით ორმოს, ცოტა ხანში მზად იქნება და თუ არ დაწერს ჩავმარხავთ ცოცხლადო". ყველაზე შოკი იყო კრიმინალური პოლიციის შენობაში რასაც მეძახნდნენ და როგორ მამუშავებდნენ. სახლის ჩხრეკვის მერე იმითაც დამაშინეს, "აი, თოფი ვნახეთ შენთან და თუ არ დაწერს სამუდამოდ ჩაგალპობთო". ბოთლზე და ე.წ. "კლიზმაზე" დასმითაც დაემუქრნენ. მერე კარგი პოლიციელის თამაშიც სცადეს და "ახალგაზრდა ბიჭი არ ხარ, გვარამიას გამო რატომ ინგრევ ცხოვრებას, მიდი, დაწერე შენი რა მიდისო". ჩემი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი როცა გამხადეს და დედამ ყვითელი ბოტასები შემომიგზავნა, რატომღაც მანდაც ბულინგის მსხვერპლი გავხდი, სიტყვა სიტყვით ეს მითხრეს: "ეს პიდარასტული ფერი რატო გაცვია, გვარამიამ გიყიდა, პიდარასტი ხარ ბიჭო?" - და ერთად იცინოდნენ. მე კი ყველაზე მეტად ის მეწყინა, როცა მკითხეს ტელევიზორს უყურებს და მეთქი არა, ფილმები და ამერიკული სერიალები მაქვს სულ ჩართული-თქო და ზუსტად ასე მითხრა: "ეს გაუნათლებელი ნახე რა, სერიალებს უყურებს და ქვეყანაში რა ხდება, არ აინტერესებდა". დებილად მოვინათლე იმის გამო, რომ ტვ იმედს არ ვუყურებ. ქვეყანაში რა ხდება, იმას პირადად ლაივში ვიგებ, ტვ იმედის კოსმოსიდან გადაღებული დრონიდან არა. მთელი ეს რვა საათი ბორკილები მედო ხელებზე და არც ტუალეტში მიშვებდნენ.
კრიმპოლის ყველა თანამშრომელი კი კვლავ ცალ-ცალკე აგრძელებდა ერთი და იგივე შეურაცხყოფის მიყენების და მუქარას მათ რაც სურდათ იმის ჩაწერაზე. ასე გამოფიტული არასდროს ვყოფილვარ. ყველაზე საშინელი დღეა ჩემთვის.
საინტერესო ფაქტი - კრიმინალური პოლიციის შენობაში უფრო მეტი ბოროტმოქმედი და დამნაშავე ვნახე ნახევარ დღეში, ვიდრე ციხეში ერთ თვეში.თავს დასჯილად არც ვთვლი, პირიქით, "ამას პატივად მივიღებ და ისე ვატარებ" ( სერსეის სიტყვებია რობერტ ბარათეონის მიერ დარტყმული სილაზე და ზუსტად ერგება ჩემს ახლანდელ მდგომარეობას) - მადლობა დაფასებისთვის და კარგი ხალხის გაცნობის ახალი შესაძლებლობისთვის, - წერს კიკნაძე.
რეჟიმის პატიმარი ცირკს უწოდებს სასამართლო პროცესებს. რეზო კიკნაძე ფიქრობს, რომ მოსამართლეებს ბიძინა ივანიშვილის შიში აქვთ და სწორედ ამის გამო სჯიან სამშობლოს სიყვარულისთვის დაკავებულ ახალგაზრდებს.
უბრალოდ ცირკი იყო, მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა მითითება მიღებული. რა უნდა ეთქვა ბოლოს და სულ არ აინტერესებდა ჩვენ რას ვეტყოდით, მგონი არც გვისმენდა.
არადა ჩემმა ადვოკატმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ თუნდაც თავდებით მაინც გამოვიყვანე, სასამართლოზე ყველაზე მეტად აქტიურობდა, ფაქტების ზვინი დაუდგა თუ რატომ არ ვიყავი არადა გამქცევი ან მომავალში რაიმე დანაშაულის ჩამდენი თუ შემდეგ სასამართლომდე გარეთ გამომიშვებდნენ, მაგრამ არსაიდან ხმა არსით ძახილი. ჩანს, ბიძინასი უფრო მეტად ეშინიათ, ვიდრე უფლის, - წერს კიკნაძე.
კიკნაძე აქციაზე გასვლის მიზეზებზეც საუბრობს. წერს, რომ ქვეყანა რუსეთის კლანჭებისგან არის დასახსნელი. მისი თქმით, არ შეიძლება აკეთებდე მუდმივად იმას, რაც შენს მტერს, ოკუპანტ რუსეთს მოსწონს.
ყოველთვის იქ ვდგავარ, ჩემს ქვეყანას სადაც სჭირდება. ყველა აქციაზე ვიდექი ახლაც, მაისშიც და იქამდეც, არც ახლა ვაპირებდი დღის ჩაგდებას. გული ვერ ძლებს სხვაგან, როცა მთელი ქვეყანა გადარჩენისთვის, რუსეთის კლანჭებიდან თავის გახსნისთვის იბრძვის. არ შეიძლება, 16 წელი ერთი პარტია მართავდეს ქვეყანას, არ შეიძლება, იმას აკეთებდე და აცხადებდე, რაც შენს ყველაზე დიდ მტერს, რუსეთს მოსწონს, არ შეიძლება ხალხზე ძალადობას, ქუჩაში ბავშვების და ქალების ცემას მწვანე შუქს უნთებდე...
ამ კითხვას ერთი სტრიქონითაც გავცემდი პასუხს:
"თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა".
რეჟიმის პატიმარი იმ მოქალაქეებსაც მიმართავს, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს უკვე 40 დღეა ქუჩაში იცავს.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, სულ რომ ვერ იზეიმოს სამართალმა მაინც არაფერი სჯობს იმ შეგრძნებას, როდესაც სიმართლის მხარეს იბრძვი.
ერთად ყველაზე მეტნი ვართ!!!
გავიმარჯვებთ სახელოვნად !
ყველას ვისაც სამშობლოსთვის გული შეგტკივათ და ღამეებს ათენებთ ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში, გილოცავთ შობას და ახალ წელს, შემდეგ შობას მაინც გვეცხოვროს თავისუფალ და სამართლიან ქვეყანაში. მიყვარხართ, - წერს აქტივისტი.