თბილისში საშობაო "ალილო" მიმდინარეობს
თბილისში საშობაო "ალილო" მიმდინარეობს. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მომლოცველთა და მგალობელთა გუნდი ცოტა ხნის წინ დაიძრა. შობის მახარობლებს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ხვდებიან და ურმებს ტკბილეულითა და საჩუქრებით ავსებენ.
წელს პირველი შემთხვევაა, როცა ალილოს მონაწილეები საკანონდემბლო ორგანოსთან არ გაჩერდებიან. პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მოხუცთა სახლებისთვის და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადასაცემი საჩუქრები შობის მახარობლებს რესპუბლიკის მოედანზე მიუატანეს.
მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება.
ალილოს მონაწილე ბავშვები დღეს მთელს ქალაქში ნობათს და თბილ ტანსაცმელს შეაგროვებენ, რომელიც დღის ბოლოს უპოვართა სახლებში და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადანაწილდება.
„ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.