როგორ გაიგო შალვა პაპუაშვილმა პატრიარქის ეპისტოლე
როგორ გაიგო შალვა პაპუაშვილმა პატრიარქის ეპისტოლის ფრაგნენტი, სადაც "დაცემულ კაცზეა საუბრი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს ეძებს" - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ილია მეორის ადრესატი ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა.
"ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ ყველა ეპისტოლეს მისი "ხილული და ფარული გზავნილები აქვს და ყველა ეპისტოლეს ადრესატი არის ყველა და ამავე დროს არავინ".
პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ საშობაო წერილს სხვა უფრო მნიშვნელოვანი აქცენტი ჰქონდა - ამპარტავნების და ეგოიზმის დასრულება.
„მნიშვნელოვანი დღეა ქრისტიანული სამყაროსთვის. გუშინ დავესწარით საშობაო ლიტურგიას, მოვისმინეთ პატრიარქის ეპისტოლე და ის გზავნილები, რომელიც პატრიარქს ჰქონდა წლევანდელ ეპისტოლეში. მან ხაზი გაუსვა, ერთი მხრივ, მთავარ პრინციპს, რაც ნიშნავს ადამიანებს შორის სიყვარულს, რომელიც ადამიანს ღმერთისგან აქვს დანათლებული და მეორე - ყველამ საკუთარ მოყვასზე უნდა იფიქროს. ამპარტავნება, ეგოიზმი, ეს არის ის, რაც ადამიანს უშლის, რომ იფიქროს საერთო სიკეთეზე. იმედი მაქვს, რომ პატრიარქის ეპისტოლეს ამ მოწოდებას ყველა გაიაზრებს, გაიაზრებს იმას, რომ მნიშვნელოვანია არა ის, რაც მათ ინდივიდუალურ ინტერესებშია, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი ერისა და საზოგადოების ინტერესები. ჩვენი ერის და საზოგადოების ინტერესი კი არის მშვიდი განვითარება, არის ამ ქვეყანაში კეთილდღეობის ზრდა და ჩვენი საზოგადოების ინტერესია, რომ ამ გეოპოლიტიკურ ქაოსში, რომელშიც, სამწუხაროდ, დღეს სამყარო იმყოფება, საქართველო მშვიდად გავატაროთ.
პატრიარქის ნებისმიერი ეპისტოლე ეკუთვნის ყველას და ამავე დროს არავის. ყველამ უნდა წავიკითხოთ და ყველამ დასკვნები ჩვენი თავიდან გამომდინარე უნდა გამოვიტანოთ. ეს არის მთავარი არსი ეპისტოლესი.
ყველა ეპისტოლეს აქვს მისი ხილული და ფარული გზავნილები ყველა ადამიანისთვის. ყველა ეპისტოლეს ადრესატი არის ყველა და ამავე დროს არავინ. ყველამ უნდა წაიკითხოს ის და მიიღოს ისე, როგორც საჭიროა. “, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ილია II-ის სახელით გავრცელებულ, საშობაო ეპისტოლეში საუბარია დაცემულ კაცზე, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს ეძებს.
ეპისტოლეს ამ ნაწილში ილია მეორე საუბრობს, რომ ასეთი ადამიანები კეთილდღეობის ილუზიას ქმნიან, მაგრამ ამაოდ.
საშობაო მიმართვაში წერია ისიც, რომ ეს ყოველივე უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და აღრმავებს ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს.
პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: