რუსული ონლაინმარკეტი თბილისში - ექსპერტები საქართველოს მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გაჟონვის საფრთხეზე საუბრობენ
რუსული სანქცირებული ონლაინ გაყიდვების კომპანია "ვაილდბერისის" საქართველოში გამოჩენის შემდეგ, უსაფრთხოების ექსპერტები "პირველებთან" რისკებსა და გამოწვევებზე საუბრობენ.
სფეროს ექსპერტები ონლაინ შოპინგის მოყვარულებს ურჩევენ, უარი თქვან რუსულ "ამაზონზე" ნივთებისა და ტანსაცმლის შესყიდვაზე, რადგან მათივე განმარტებით, ელექტრონული ბიზნესის მწარმოებელი კომპანიები მომხმარებლების შესახებ პირად ინფორმაციას ფლობენ.
მეტიც, როგორც ექსპერტები ამბობენ, "ვაილდბერისის" გამოყენებით საქართველოს მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებზე - საბანკო ბარათებზე, საცხოვრებელ მისამართებზე, წვდომა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურს აქვს.
ელექტრონული ბიზნესის მწარმოებელი კომპანიები ფლობენ ძალიან დიდ ინფორმაციას მომხმარებლების შესახებ, დაწყებული ფინანსური პარამეტრებიდან დასრულებული ადამიანთა საცხოვრებელი მისამართით, კომპანიების იურიდიული მისამართებით. როდესაც ეს ინფორმაცია ხვდება რუსეთის ხელში, მაშინ თავისთავად ცხადია, რომ რუსეთი ბიზნესს სახელმწიფო ინტერესებისთვის იყენებს, ხოლო რუსეთის სახელმწიფოს ინტერესები საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან სასიცოცხლოდ არის დაპირისპირებული. რუსეთი საქართველოს არ განიხილავს სახელმწიფოდ, განიხილავს გუბერნიად. შეიძლება შანტაჟისთვის გამოიყენონ, გადაბირებისთვის, ფიზიკური ლიკვიდაციისთვის და ეს არის საფრთხე სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. რუსული კომპანიები ვალდებულები არიან, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს გადასცენ", - ამბობს ექსპერტი.
რუსული სანქცირებული ონლაინ გაყიდვების კომპანია "ვაილდბერისი" მხოლოდ თბილისში ორ ოფისს ამუშავებს. ონლაინ გაყიდვების ბიზნესი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შავ სიაში ჰყავთ შეყვანილი, საქართველოში დაბრკოლებების გარეშე მუშაობს. მეტიც, ქართველ მომხმარებლებს რუსული კომპანია ოკუპირებულ ყირიმში უკანონოდ მომზადებულ კოსმეტიკურ საშუალებებსაც კი სთავაზობს.
ცნობილია, რომ "ვაილდბერისს" რუსულ "ამაზონს" უწოდებენ. ის ოკუპანტი ქვეყნის ბიუჯეტში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია. იმის გარდა, რომ კომპანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შავ სიაში აქვთ შეტანილი, ასევე "ვაილდბერისი" რუსეთში ერთ-ერთი დიდი სკანდალითაა ცნობილია. საქმე ეხება გარჩევებს ჩეჩნეთის პუტინისტ ლიდერსა და რუს ბიზნესმენებს შორის. ამ გარჩევებში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი თავად ვლადიმერ პუტინიც იყო. "ვაილდბერის" უკავშირდება "მოსქოუ სითისის" ოფისში სროლებიც.