სკანდალი: რას ცვლის ოქროს მოწმის ვიდეოჩვენება რეზო კიკნაძის საქმეში - რას ამბობს მეტროს თანამშრომელი?
რეჟიმის ტყვე რეზო კიკნაძის საქმეში შესაძლოა, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გაჩნდეს. ოქროს მოწმის ვიდეოჩანაწერი ტვ პირველს მოაწოდეს. მოწმე მეტრო უნივერსიტეტის თანამშრომლია, რომელიც კიკნაძის დაკავების ეპიზოდს აღწერს. ირკვევა, რომ კიკნაძე მეტროში დილის საათებში სალარო აპარატთან იმყოფებოდა, რა დროსაც მას ორი ნიღბიანი პირი მიუახლოვდა და 26 წლის მამაკაცი მეტროში არსებულ პოლიციის ოთახში შეიყვანეს.
მეტროს თანამშრომლის მონაყოლი იდენტურია იმის, რასაც თავად რეზო კიკნაძე ყვება. რეჟიმის ტყვე ამტკიცებს, რომ ის დილის საათებში მეტრო უნივერსიტეტში დააკავეს და არა ლისზე, როგორც ამას პროკურატურა ამტკიცებს. რეზო კიკნაძის და მისი ინტერესების დამცველის მტკიცებით, დაკავების ოქმი გაყალბებულია და სიმართლეს არ შეესაბამება არც ოქმში მითითებული დაკავების დრო და არც ადგილი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ რეზო კიკნაძის დაკავების შუამდგომდგომლობით პროკურორმა მოსამართლეს 6 დეკემბერს 10:09 საათზე მიმართა, დაკავების ოქმის თანახმად, კიკნაძე დააკავეს 13:15 საათზე, თუმცა, კიკნაძის და მოწმეების მტკიცებით, ახალგაზრდა მეტროში დილის 10 საათამდე აიყვანეს.
ადვოკატისა და ოქროს მოწმის მონაყოლს ამყარებს ტვ პირველისთვის გამოგზავნილი რეზო კიკნაძის წერილი. გზავნილში დაკავებული ახალგაზრდა დეტალურად აღწერს დაკავების მომენტს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას გამომძიებლების მხრიდან. ყვება, როგორ ემუქრებოდნენ დამარხვითა და გაუპატიურებით თუ დანაშაულს არ აღიარებდა და ოპოზიციონერ ლიდერებს ხელს არ დაადებდა.