30 ათასი ანტიკორუფციული ბიუროს გარეკლამებისთვის - ოპოზიცია არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობს
რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილებას, ფეისბუქ რეკლამაში 30 ათასი ლარი დახარჯოს, ოპოზიცია "არამიზნობრივს" უწოდებს. კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესო დონაძე ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად კუპრაშვილის დანიშვნა, უკვე არამიზნობრივი იყო, რადგან ის სახელმწიფოში რეალურად არაფერს აკეთებს.
არა მარტო რეკლამაში დახარჯულია თანხაა არამიზნობრივი, არამედ, ზოგადად, რაჟდენ კუპრაშვილის დანიშვნაა არამიზნობრივი, იმიტომ, რომ ჯერ უკვე ტვირთად დაგვემატა საქართველოს მოქალაქეებს რაჟდენ კუპრაშვილის რჩენა, მისი ხელფასი, საწვავი, ავტომობილი, კაბინეტი, ახალი შენობა. ახლა რაჟდენ კუპრაშვილის ფოტოებში უნდა გადავიხადოთ კიდევ გრაკვეული თანხა. ადამიანის, რომელიც საერთოდ არაფერს აკეთებს სახელმწიფოში ანუ არსებობს თანამდებობის პირი, რომელსაც არაფერი ავალია, - ამბობს ბესო დონაძე.
გახარიას გუნდის წევრი ტატა ხვედელიანი პირდაპირ ამბობს, რომ კუპრაშვილი არა თუ მაღალჩინოსნების კორუფციულ ფაქტებს იძიებს, არამედ "ოცნებას" ამ ფაქტების დამალვაში ეხმარება.
ანტიკორუფციული ბიურო შექმნის დღიდან ჩვენს ქვეყანაში წარმოადგენს ჩვეულებრივ პარტიულ ორგანიზაციას. ის არამცთუ მუშაობს კორუფციის შემთხვევების გამოვლენაზე და კორუფციასთან ბრძოლაზე, არამედ ის ეხმარება „ოცნების“ რეჟიმს კორუფციის დაფარვაში და ივანიშვილის რეჟიმს ეხმარება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაში, - ამბობს ტატა ხვედელიანი.
ანტიკორუფციული ბიურო საქმიანობის პოპულარიზებისთვის Facebook-ის რეკლამაში 30 ათას ლარს დახარჯავს. რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას, რომელმაც ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" პოლიტიკურ სუბიექტად გამოაცხადა და პრემიერის მოწოდების შემდგომ სიტყვები უკან წაიღო, მიაჩნია, რომ ბიუროს სამუშაო შეხვედრების გაშუქება საზოგადოების ცნობადის გაზრდის მიზნით აუცილებელია.