"აქამდე თუ ხუთი შვილი მყავდა, ეხლა 8 შვილის მამა ვარ" - ვეფხია კასრაძე აქციაზე დაკავებულ თანამოსაკნეებზე
"აქამდე თუ ხუთი შვილი მყავდა, ახლა 8 შვილის მამა ვარ" - 53 წლის ომის ვეტერანი, რომელიც საოკუოპაციო ხაზთან ცხოვრობს, ახლა გლდანის ციხეში აქციაზე დაკავებულ ახალგაზრდებთან ერთად უკანონო ტყვეობაში იმყოფება.
"ტვ პირველისთვის" გამოგზავნილ წერილში, ვეფხია კასრაძე წერს, თუ როგორ ზრუნავენ სამშობლოს სიყვარულისთვის დაკავებულები ერთმანეთზე, როგორ ინაწილებენ ლუკმას.
ცხინვალის თეატრის მსახიობი მისი თანამოსაკნეების მაღალ ზნეობაზე, კულტურასა და სიმტკიცეზე საუბრობს და დაკავებული ახალგაზრდებსი მშობლებს ციხიდან უთვლის, რომ მათი შვილებით უნდა იამაყონ.
ვერც კი წარმოიდგენ რა კაცები გაუზარდეთ სამშობლოს - ეუბნება ევროპული მომავლის მცველების დედებს და მამებს ვეფხია კასრაძე.
ბედნიერი ვარ ამ გმირების გვერდით რომ ვარ და მათი ჭირ-ვარამის მოზიარე ვარ. მათთან ერთად ვიძინებ და ვიღვიძებ, მათთან ერთად პურ ვტეხავ და ლუკმას ვინაწილებთ. ბედნიერი ვარ, რომ მათზე ზრუნვის საშუალება მეძლევა, ვინც ჩემს საკანში იმყოფება. ეს ჩემი შვილების თაობაა და ვალდებული ვარ ვიზრუნო მათზე აქამდე თუ ხუთი შვილი მყავდა, ეხლა 8 შვილის მამა ვარ, ესენი ჩემი შვილები არიან და ყველა ის ახალგაზრდა,რომლებიც სხვადასხვა საკანში იმყოფებიან, ყოველდღე ვკითხულობ მათ ამბებს და მხოლოდ და მხოლოდ მათი სიმტკიცის, კულტურის და მაღალი ზნეობის ამბებს ვიგებ. მათ ყველა თანამშრომლის სიმპატია და პატივისცემა დაიმსახურეს ამ ერთი თვის განმავლობაში. თქვენ უნდა იამაყოთ თქვენი შვილებით დედებო და მამებო. ვერც კი წარმოიდგენ რა კაცები გაუზარდეთ სამშობლოს. ამიტომ გისურვებთ მხნეობას თქვენ და მთელ საქართველოს.
სრულად, ვეფხია კასრაძის წერილი 84-ე საკნიდან
მიმდინარე აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს დაკავებულია 13 პირი.
ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.