ოკუპირებულ გალში დაღუპულ ბავშვებს ზუგდიდშიც გლოვობენ
ოკუპირებულ გალში დაღუპულ ბავშვებს ზუგდიდშიც გლოვობენ - აფხაზეთის მე-14 საჯარო სკოლაში, პირველი კლასელი ანა-მარიას და მეორე კლასელი ემილიას მერხებზე მათი ფოტოები და ყვავილები მიიტანეს.
ანთებულია სანთლებიც, რომლითაც მოსწავლეებისა და მშობლების ნაწილი დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივს აგებენ.
ეს არის გაუსაძლისი ტკივილი, რომელთანაც სიტყვები უძლურია. ჩემთვის და მთელი კოლექტივისთვის ეს არის საშინელება. გამძლეობა ყველას. ამისი გაფიქრებაც საშინელებაა, რომ ემილია და ანა-მარია არ დაგვიჯდება გაკვეთილზე. ისინი სოფელში იყვნენ იქით წასულები საახალწლოდ ბებიასთან და საბედისწერო გამოდგა მათთვის. ნეტავი აქ ყოფილიყვნენ. გაფრინდნენ ჩვენი ფერიები. არ ყოფილა ისეთი გაკვეთილი, რომ არ ჩამხუტებოდა, მომფერებოდა. სულ გამორჩეული მყავდა, არ ვიცი რატომ. ალბათ, არაამქვეყნიური რომ იყო, ამიტომ", - ამბობს მასწავლებელი.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულ მოზარდებს დღეს ამავე სოფელში დაკრძალავენ.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში ტრაგედია 5 იანვარს დატრიალდა. ადგილობრივების თქმით, ღუმელის დანთებისას ბებიას, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია, რასაც ცეცხლის აალება მოჰყვა.
დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი - 8 თვის. ბავშვების ბებია კლინიკაშია მოთავსებული.
მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.