"მწუხარებას გამოვთქვამთ ხუთი ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, სოლიდარობის ნიშნად დროშები დაშვებულია" - პოლონეთის საელჩო
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, პოლონეთის საელჩომ შენობაზე დროშები დაუშვა.
ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში ხანძრის შედეგად ხუთი ახალგაზრდა ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამო პოლონეთის საელჩომ თბილისში დროშები დაუშვა", - წერს საელჩო.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში ტრაგედია 5 იანვარს დატრიალდა. ადგილობრივების თქმით, ღუმელის დანთებისას ბებიას, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია, რასაც ცეცხლის აალება მოჰყვა.
დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი - 8 თვის. ბავშვების ბებია კლინიკაშია მოთავსებული.
მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.