რეზერვების ზრდა თუ სებ-ის მიერ შექმნილი მოჩვენებითი რეალობა? - ექსპერტები რიცხვებით მანიპულაციაზე საუბრობენ
რეზერვების ზრდა თუ ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი მოჩვენებითი რეალობა? - ექსპერტები ამბობენ, რომ რიცხვებით მანიპულაცია საფინანსო სექტორში ვერაფერს ცვლის. დეკემბერში წლიურ ჭრილში ეროვნული ბანკის რეზერვები 562 მილიონი დოლარით შემცირდა, თუმცა თურნავა ამტკიცებს, რომ რეზერვები გაიზარდა.
ამის პარალელურად, დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ ეროვნული ბანკის მცდელობები უშედეგოა, რადგან პოლიტიკური კრიზისის გამო, ვერცერთი ჩარევა ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ვერ აჩერებს.
მიუხედავად სებ-ის მიერ იმის მტკიცებისა, რომ რეზერვები 300 მილიონზე მეტით გაიზარდა, ეკონომისტები აცხადებენ, რომ საქმე პირდაპირ მანიპულაციას ეხება. მათი განმარტებით, რეზერვების გაზრდის მიზეზი არის ის, რომ ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს გაყინული ვალუტის ოდენობა გაუზარდა, შესაბამისად, რეზერვების რიცხვი სწორედ ამაზე დაყრდნობით გაიზარდა.
მეორე ფაქტორი, რომელსაც ეკონომისტები ასახელებენ, ოქროს ფასის მატებაა. ამასთან, სფეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პროცესების ამგვარად წარმართვის შემთხვევაში, კომერციული ბანკების მომხმარებლებს დოლარში ასაღები სესხი გაუძვირდებათ.
რეალური რეზერვები, რაც გააჩნია ეროვნულ ბანკს, არ იზრდება. ის ფული, რომელსაც ბანკები არეზერვებენ ეროვნულ ბანკში, ეს არ არის ეროვნული ბანკის ფული, ეს არის ბანკების ფული და ვალდებულება აქვს ეროვნულ ბანკს ბანკების მიმართ. სავარაუდოდ, როგორც მინიმუმ, რესურსი დოლარში გაძვირდება. კურსის სტაბილურობის შენარჩუნება ვერ ხერხდება. არსებული რეზერვები მისი გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის საკმარისი არ არის. შესაბამისად, ეს ნელ-ნელა ფასების სტაბილურობაზე აისახება და აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზეც", - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.