რეჟიმის ტყვეების პროცესი - საქალაქოსთან საპროტესტო აქცია დაანონსდა

09.01.25 17:28
რეჟიმის ტყვეების პროცესი - საქალაქოსთან საპროტესტო აქცია დაანონსდა

10 იანვარს, 10:00 საათიდან მოქალაქეები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეიკრიბებიან - რეჟიმის ტყვეების აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა მოსამართლეს პროტესტის ფონზე მოუწევს.

დილიდან საქალაქო სასამართლოში ძალადობის ორგანიზებისთვის დაკავებული 11 პირის საქმის განხილვა დაიწყება, მათ შორის არიან მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და აქტივისტი რეზო კიკნაძე, რომელსაც დაკავების შემდეგ ოლიგარქის ომონი ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდა.

ანდრო ჭიჭინაძის კოლეგები მოქალაქეებს საქალაქოში მისვლისკენ მოუწოდებენ, რადგან როგორც რეჟისორი დავით დოიაშვილი "პირველებთან" აცხადებს, ახლა მნიშვნელოვანია, მათი ხმა მოსამართლემ გაიგონოს და რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს. 

რაც მეტი ვიქნებით, მოსამართლეს ჩვენ ხმას უკეთ გავაგონებთ. ეს ხმა არის მნიშვნელოვანი. იქნებ მოსამართლემ მაინც გაიგოს ის ხმა, რომელიც არ ესმის ამ მთავრობას, სამწუხაროდ, და იქნებ ის რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს, რაც უნდა მიიღოს.

მტკიცებულებები რომ არ აქვთ ანდროზე და საერთოდ შეკერილი რომ არის ეს საქმე, ამას მტკიცება აღარ უნდა, თავადაც იციან ყველაფერი. შავით თეთრზეა ყველაფერი. საქმეში არანაირი მასალა არ დევს, დაზარალებული არ არის, მომჩივანი არ ჰყავს. ზღაპრებია, ბოდვაში ვართ", - ამბობს დავით დოიაშვილი. 

რაც შეეხება ონისე ცხადაძის ძმას, სანდრო ცხადაძე ამბობს, რომ იუმორისტი და რეჟიმის დანარჩენი პატიმრები უდანაშაულოები არიან, ხოლო მათ წინააღმდეგ მიმართული საქმეები კი შეკერილი. 

იმედი მაქვს, რომ გამოუშვებენ. მარტამდე კი არა, სულ რომ 2030-წლამდე გაწელონ პროცესი, თუ ხელოვნურად არ შეკერეს და მტკიცებულებები არ ჩადეს საქმეში, ისე ვერაფერს ვერ იპოვიან, რადგან ეს ადამიანები სრულიად უდანაშაულოები არიან. ჩემი ძმის გამო ყველაფერს ვიზამ. ჩემი ძმა ცოტა დიდი მაინც არის, მაგრამ 19 წლის ბავშვები ჰყავთ დაჭერილი. რა ლოგიკა უნდა ვეძებოთ ბავშვიჭამიების იმაში არ ვიცი. სპექტაკლია, რომელსაც ხვალ დადგამს", - ამბობს ონისე ცხადაძის ძმა.  

მსგავსი სიახლეები