მკვლელობა მესტიაში - რა თქვეს დაკავებულებმა სასამართლო პროცესზე

09.01.25 17:28
მკვლელობა მესტიაში - რა თქვეს დაკავებულებმა სასამართლო პროცესზე

მესტიაში, რუსი ტურისტის მკვლელობაში ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. მძიმე დანაშაულში მხილებული ორი პირის ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ მოკლული კაცის ცოლმა ელექტრონული ტექნიკა თავად დააზიანა და ახლა მედიაში ცრუობს.

მოსამართლე შოთა ბიჭიას შეკითხვაზე, სცნობენ თუ არა ისინი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ, ბეჟან ჭკადუამ და რევაზ პაკელიანმა თქვეს, რომ ისინი უდანაშაულები არიან. 

მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა ისიც თქვა, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და გასროლა ამიტომ მოახდინა. 

ადვოკატი თვლის, რომ მომხდარში გამოძიებამ უნდა დაადგინოს დაზარალებული ქალის როლი. უფლებადამცველი ამბობს რომ უნდა გაირკვეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ნარკორეალიზაციას. 

"არც ყაჩაღობა დასტურდება და არც მკვლელობაში თანამონაწილეობა. პაკელიანის ჩვენება, რომელიც საქმეში დევს, პაკელიანი ამბობს, რომ ტელეფონო მოვთხოვე რომ ჩამეხედა და მიმეღო შესაბამისი ინფორმაცია სავარაუდო ნარკოტიკების ლოკაციასთან დაკავშირებითო. დგინდება, რომ მისაკუთრების მიზანი მობილურ ტელეფონთან ამ პიროვნებას არ გააჩნია. გააჩნია კონკრეტული ინფორმაციის მიღების სურვილი. აქ უკვე გამოირიცხა ყაჩაღური თავდასხმა. ჭკადუა მკვლელობის ადგილზე, მკვლელობის ვითარებაში არც მონაწილეობს, არც ცეცხლსასროლი იარაღი არ უკავია. სადაც ყაჩაღობა გამოირიცხა,   მკვლელობაც გამოირიცხა. მაქსიმუმი რაცაა დღეს წარმოდგენილ მტკიცებულებებში , ჭკადუას შეძლება შევედაოთ იძულება ჯგუფურად, თანამონაწილეობა, რომელიც ითვალისწინებს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას" აღნიშნა ადვოკატმა.  

ადვოკატი ამტკიცებს, რომ ტელეფონი შეიცავდა უმძიმესი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას და ის თავად დაზარალებულმა გაანადგურა. 

ამ განცხადებას სასამართლო დარბაზში პროკურორსა და ბრალდებულს შორის შელაპარაკება მოჰყვა, რა დროსაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა აღნიშნა- "ტელეფონი არ მოგვცა... თავს ვიცავდი და იმიტომ ვესროლე.   

მოსამართლემ ორივე მთგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

სასტიკი მკვლელობა მესტიაში 5 დეკემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები - რევაზ პაკელიანი და ბეჟან ჭკადუა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები.

საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით.მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.

რევაზ პაკელიანსა და ბეჟან ჭკადუას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები