სინდისის პატიმრების პროცესი დიდ დარბაზში გადაიტანეს - რა ხდება სასამართლო სხდომაზე

10.01.25 13:20
სინდისის პატიმრების პროცესი დიდ დარბაზში გადაიტანეს - რა ხდება სასამართლო სხდომაზე

პროტესტმა გაჭრა. მოსამართლე იძულებული გახდა, სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი  უფრო დიდ დარბაზში ჩაეტარებინა. უმიზეზოდ დაკავებული 11 პოლიტპატიმარი ცოტა ხნის წინ ერთი დარბაზიდან მეორეში გადაიყვანეს. ხალხის და ადვოკატების მოთხოვნა, საბოლოოდ, მაინც შესრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა პროცესი 150 კაციან დარბაზში მიმდინარეობს, ძალიან ბევრი ადამიანი მაინც დარბაზს გარეთ დარჩა. ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას ახლა შენობის ფოეიში ელოდებიან. 

დღეს მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება ანდრო ჭიჭინაძეც და ონისე ცხადაძეც. რამდენიმე საათში უნდა გაირკვეს, დასრულდება თუ არა უკანონოდ დაპატიმრებული ხელოვანების და სამოქალაქო აქტივისტების ტყვეობა.

ცოტა ხნის წინ პროცესზე პროკურატურამ 11 -ვე დაკავებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. პროკურორის მტკიცებით, ეს ადამიანები შესაძლოა, პოლიციას აღარ დაემორჩილონ, საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიონ ან მოწმეებზე ზეწოლა მოახდინონ. 

ადვოკატები კი ამბობენ, რომ მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს, შესაბამისად, ვერც მათი განადგურების საფრთხე იარსებებს. 

რაც შეეხება თავად დაკავებულებს, მათ ერთადერთი პოზიცია აქვთ, რომ ისინი ბრალს არ აღიარებენ. რაც შეეხება მათ ახლობლებს, ამბობენ, რომ გაუგებარია რას ედავება დაკავებულებს პროკურატურა და რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებიან. 

იმისთვის, რომ უყვარს სამშობლო შენს შვილიშვილს, ამისთვის მიუსაჯეს ასეთი სასჯელი, რომელიც ძალიან მაწუხებს. ცრემლებიცთ ვიმოსები ერთი თვეა უკვე. ეს არის საშინებელება. თაობები, რომელიც ლამაზი ღირებულებებით არიან აღსავსე და უყვართ თავისი ქვეყანა, მათ სჭირდებათ სულ სხვანაირი მოპყრობა და სხვანაირი ვალდებულება მათ მიმართ. ამიტომ, მე მინდა, რომ როგორმე გაათავისუფლონ ეს პატიმრები, - ამბობს დაკავებულის ოჯახის წევრი. 

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე და დატოვებ თუ არა დაკავებულებს პატიმრობაში, ცნობილი ცოტა ხანში გახდება.  

ipn-ის ფოტო

მსგავსი სიახლეები