ახალგაზრდებს ღუპავენ - თემურ ჭყონია სინდისის პატიმრების მხარდამჭერ აქციაზე მივიდა

10.01.25 13:32
ახალგაზრდებს ღუპავენ - თემურ ჭყონია სინდისის პატიმრების მხარდამჭერ აქციაზე მივიდა

თემურ ჭყონია სინდისის პატიმრების მხარდამჭერ აქციაზე მივიდა. გავლენიანი ქართველი ბიზნესმენი სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც რეჟიმმა უკანონოდ საკნებში გამოკეტა. ქვეყნის ერთ ერთი მსხვილი ბიზნესმენი ამბობს, მისთვის გაუგებარია, რისთვის სჯის სახელმწიფო ახალგაზრდებს, რომლებმაც მხოლოდ და მხოლოდ მათგან განსხვავებული აზრი გამოხატეს. ჭყონია პირდაპირ ამბობს, რომ შექმნილ კრიზისში ერთადერთი გამოსავალი სწორედ ახალი არჩევნებია. 

მუხლი, რომელიც მიყენებულია, ეს არის დაღუპვის მუხლი. ეს არ არის დასჯა. ახალგაზრდა ბაშვებს უსჯიან 7 წელს, 8 წელს, 9 წელს. ვერაფრით გამომაქვს ლოგიკური დასკვნა, რა ხდება, მე თვითონ არ ვიცი. ეს არის ჯიბრი საზოგადოების პროტესტის მიმართ, გამძლეობა, ვინ როგორ გაუძლებს თუ სახელმწიფოს სიმტკიცეს აჩვენებენ, რომ თანამოქალაქეს სჯი იმის გამო, რომ პროტესტის გამოხატა ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად და პროტესტის გამოხატვის სიტუაცია შექმნა სახელმწიფომ. ახალი არჩევნები თუ არ ჩაინიშნა, ეს ასე გაგრძელდება ხანგრძლივად, ხალხი ქუჩაში, მსოფლიო დაიწყებს სანქცირებას, შეზღუდვებს, თანხების მიუღებლობას, ეკონომიკას შეეხება, რა თქმა უნდა. საუბრობენ, ბიზნესი არ უნდა იყოს პოლიტიკაშიო, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკა შევიდა უკვე ბიზნესის თემაში და ამიტომ დღეს სამართლიანი, სწორი შეფასების არგამოხატვა ნიშნავს იმას, რომ ეგუები რაღაც ცუდს, - ამბობს ჭყონია. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი იწყება. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. მოსამართლემ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე უნდა იმსჯელოს.  

მსგავსი სიახლეები