სალომე ზურაბიშვილის ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევა გზავნილია, რომ სწორედ მას ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად - ბესელია
სალომე ზურაბიშვილი შტატებში გასაფრენად ემზადება. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა იქსზე დაწერა, რომ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, ის აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას.
ეკა ბესელიას თქმით, შტატებმა "ოცნება" იმიტომ არ მიიწვია ცერემონიაზე, რომ ავტორიტარული რეჟიმის წარმომადგენლებს ტრამპის ინაუგურაციაზე ადგილი არ მოეძებნებათ.
მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევა არის გზავნილი, რომ შტატები სწორედ მას ცნობს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.
"ოცნება" არ არის მიწვეული, არ იწვევენ. იმიტომაც არ იწვევენ, რომ ამით უნდა მიხვდნენ, რომ ავტორიტარული რეჟიმის წარმომადგენლებს ამ ინაუგურაციაზე ადგილი არ მოეძებნებათ. სალომე ზურაბიშვილის მიწვევა არის ფაქტიობრივად გზავნილი, რომ ეს არის ღიად გამოხატული მხარდაჭერა პრეზიდენტის მიმართ, რომლესაც ეუბნებიან, რომ მას ცნობენ, როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს", - აცხადებს ეკა ბესელია.
ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას, "ქართული ოცნების" წევრები ტელევიზორით უყურებენ. ოლიგარქის პარტია 20 იანვრის ღონისძიებას თბილისიდან დააკვირდება. ვაშინგტონში პრეზიდენტის სტატუსით მხოლოდ სალომე ზურაბიშვილია დაპატიჟებული. არაღიარებული ხელისუფლებიდან, არცერთი თანამდებობის პირი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე არ მიუწვევიათ. არადა ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა რამდენიმე ქვეყნის პირველი პირი ღონისძიებაზე დაპატიჟა, მათ შორის ჩინეთის ლიდერიც.