„ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო" - ონისე ცხადაძე მოსამართლეს

10.01.25 16:02
„ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო" - ონისე ცხადაძე მოსამართლეს

თუ ბოთლის სროლა 4-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მე მაქვს ასანთის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართ ვისვრი და გთხოვთ, 3 თვე დამიმატოთ - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს.

რეჟიმის მიერ დატყვევებულმა პატიმარმა მოსამართლეს ისიც უთხრა, ქვეყნისთვის თავის გაწირვა შეუძლია და არ აინტერესებს მის მიმართ კვლავ პატიმრობას გამოიყენებს თუ არა.

„ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო ქვეყნისთვის.... ქვის სროლას და ფოიერვერკის, კვამლს რომ უშვებს, მის სროლას მედავებიან. ლამის ფეხში გავირტყი და გთხოვთ, თვითმკვლელობის მცდელობისთვის 500 ლარით დამაჯარიმოთ.

ჩემს ბრალდებაზე მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, მაშინ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა. გთხოვთ, გირაო 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით გამოიყენოთ. თუ ბოთლის სროლა 4-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მე მაქვს ასანთის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართ ვისვრი და გთხოვთ, 3 თვე დამიმატოთ“, - განაცხადა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობს. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. მოსამართლემ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე უნდა იმსჯელოს.  

 აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. 

ფოტო ipn