"მე ვარ გლობალური ომის პარტიის დამფუძნებელი და "დიფ სთეითის" 14%-იანი წილის მფლობელი, ონისე "მალადოი" - ცხადაძის სიტყვა სასამართლოზე
"მე ვარ გლობალური ომის პარტიის დამფუძნებელი და "დიფ სთეითის" 14%-იანი წილის მფლობელი, ონისე "მალადოი" - ასე დაიწყო თავისი სიტყვა რეჟიმის მიერ დატყვევებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ სასამართლო პროცესზე.
ონისეს თქმით, პრკურატურა იმდენად გამოგონილ ბრალს ედავება, რომ არ გაუკვირდება ფეიერვერკის ლამის ფეხში გარტმისთვის, თვითმკვლელობის მცდელობისთვისაც რომ დააჯარიმონ.
რეჟიმის მიერ დატყვევებულმა პატიმარმა მოსამართლეს პირდაპირ უთხრა, ქვეყნისთვის თავის გაწირვა შეუძლია და არ აინტერესებს მის მიმართ კვლავ პატიმრობას გამოიყენებს თუ არა.
"მე ვარ გლობალური ომის პარტიის დამფუძნებელი და დიფ სთეითის 14%-იანი წილის მფლობელი, ონისე ცხადაზე, იგივე ონისე "მალადოი". იმის მიუხედავად, რომ რთულია პატიმრობაში ყოფნა, არ მაინტერესებს, თუ დატოვებთ პატიმრობაში.
ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო.... რაც შეეხება პროკურატურის ბრალდებებს, მე მაქვს ვიდეო-მტკიცებულება ნანახი, სადაც ჩანს ბოთლის სროლა და კვამლს რომ უშვეს, პატარა კაფსულის სროლა და ისე ცუდად ვისვრი, ლამის ფეხში გავირტყი და გთხოვთ, თვითმკვლელობის მცდელობისთვის 500 ლარით დამაჯარიმოთ.
ჩემს ბრალდებაზე მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, მაშინ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში. ანუ თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ცოტათი განსხვავებული დამნაშავე. გთხოვთ, გირაო 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით გამოიყენოთ. თუ ასევე ფიქრობთ, რომ ბოთლის სროლა 4-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მაშინ მე მაქვს ასანთის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართ ვისვრი და გთხოვთ, 3 თვე დამიმატოთ“, - განაცხადა ცხადაძემ და პროტესტის ნიშნად ასანთის კოლოფი პროკურორებისკენ გაისროლა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობს. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. მოსამართლემ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე უნდა იმსჯელოს.
აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.