გადაწყვეტილება, რომელსაც მოსამართლე დღეს გამოიტანს, არა ამ ბიჭების, არამედ მისი განაჩენი იქნება - დოიაშვილი

10.01.25 18:02
გადაწყვეტილება, რომელსაც მოსამართლე დღეს გამოიტანს, არა ამ ბიჭების, არამედ მისი განაჩენი იქნება - დოიაშვილი

სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით დოიაშვილიც იმყოფება - რეჟისორმა ვარაუდის დონეზეც კი არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, რადგან მისივე განმარტებით, "მათ ლოგიკას ვეღარ მისდევს".

მიუხედავად ამისა, დავით დოიაშვილს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული ვერდიქტი არა უკანონოდ დაკავებულების, არამედ სწორედ მოსამართლეთა განაჩენი იქნება. 

"ვნახოთ, თუ გადაირჩენენ თავს, გადაირჩენენ. თუ არადა გააგრძელებენ იმავე მდგომარეობაში ყოფნას, რაშიც არიან" - აღნიშნავს რეჟისორი. 

ჩემი სურვილია, რომ ვიცხოვრო ნორმალურ, მშვიდ, დალაგებულ სახელმწიფოში. ის არ ხდებოდეს, რომ აქ ვიყო. აქ ვარ იმიტომ, რომ ყველაფერი ხდება პირიქით. პატიმრები ესენი არ უნდა იყვნენ. ესენი უნდა იყვნენ თავისუფლები. მოლოდინი რისი მაქვს, არ ვიცი, რადგან ლოგიკას ვეღარ მივდევ. ამათ აღარ აქვთ ლოგიკა. ვდგავარ აქ და ველოდები მათ განაჩენს. ის განაჩენი, რომელსაც დღეს გამოიტანენ, ეს იქნება მათი განაჩენი და არა ამ ბიჭების. ვნახოთ, თუ გადაირჩენენ თავს, გადაირჩენენ. თუ არადა გააგრძელებენ იმავე მდგომარეობაში ყოფნას, რაშიც არიან", - ამბობს დავით დოიაშვილი. 

სინდისის პატიმრები ვერდიქტის მოლოდინში არიან - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.

საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. 

აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.