გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მოსამართლე მიიღებს, მნიშვნელოვანია სასამართლოს რეპუტაციისთვის - ნიკოლოზ რაჭველი
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე გადაწყვეტილებას ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მსახიობები, რეჟისორები, მუსიკოსები, ხელოვანები, დაკავებულების მეგობრები და ოჯახის წევრები ელოდებიან.
ნიკოლოზ რაჭველი ამბობს, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მოსამართლე მიიღებს, მნიშვნელოვანია ქვეყნის და სასამართლოს რეპუტაციისთვის.
მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც მეცოდინება, რომ მოსამართლე იცავს სამართლიანობას - ამბობს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი.
ძალიან ვღელავთ, რადგან უკვე მოსამართლე გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად. ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და სასამართლოს რეპუტაციისთვის, რომელიც აქვს შერყეული. სულ მინდა, გამოჩდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც გაუფრთხილდებიან თავისი დაწესებულების სახელსა და სტატუსს.
ვუშვებთ იმას, რომ არის გარკვეული მითითებები, რომელსაც არასრულებს სასამართლო. ჩემი მთავარი იმედი არის, რომ აღმოჩდნენ კეთილსინდისიერი მოსამართლეები. ისევე როგორც მე მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც მეცოდინება, რომ ექიმი იცავს ჰიპოკრატეს ფიცს და ასევე მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც მეცოდინება, რომ მოსამართლე იცავს სამართლიანობას", - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.
სინდისის პატიმრები ვერდიქტის მოლოდინში არიან - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.
საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე.
აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.