საზმაუს ერთ-ერთი პროდიუსერი ამბობს, რომ გადაცემიდან ანდრო ჭიჭინაძის პროტესტის “ამოჭრა მოუწია“
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის „ნატალია და დათუნა“ პროდიუსერი ელენე (ბაკა) კვირცხალია აცხადებს, რომ გადაცემის ერთ-ერთი სტუმრის, დღეს უკვე პატიმრობაში მყოფი მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის პროტესტის „ამოჭრა მოუწია“.
მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიონალთა გაერთიანების გვერდი, GPB Guardians ავრცელებს.
კვირცხალია სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
“მინდა, რომ რადიკალურად შევცვალოთ ყველაფერი“, - ამბობს ის.
არასდროს ისეთი მძიმე არ ყოფილა ჩემთვის ამ არხზე მუშაობა, როგორც ამ პერიოდში იმიტომ, რომ არასოდეს მოუთხოვიათ ჩემთვის მოსაწვევი სტუმრების სიების კონტროლი და გადაცემიდან ვიღაცისთვის არასასურველი ფრაზების ამოჭრა და ძალიან სიმბოლურია, რომ ამის თქმა მიწევს, რადგან ამ წუთებში მიმდინარეობს ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო და ერთ-ერთი იყო სწორედ ანდრო, რომელმაც გამოხატა ჩემთან გადაცემაში პროტესტი. მაშინ კინოცენტრის პრობლემები იყო და ზუსტად ორ წინადადებაში ადამიანმა ძალიან ლაკონიურად და ძალიან მშვიდად გამოხატა ეს პროტესტი და მომიწია ამის ამოჭრა - ეს ერთ-ერთი იყო.
ჩემი სოლიდარობა ანდროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა იქ არის. ნიკა კაცია მინდა გამოვყო ჩემი უახლოესი მეგობარი, რომელიც ახლა მძიმე პირობებშია. ძალიან გული მწყდება, ძალიან ვამაყობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი ვარ და არ მინდა, ასე გრძელდებოდეს. მინდა, რომ რადიკალურად შევცვალოთ ყველაფერი“, - აცხადებს ელენე (ბაკა) კვირცხალია.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო აქციების საქმეზე დაკავებული 11 ბრალდებულის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, რევაზ კიკნაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილისა და სერგეი კუხარჩუკის საქმეს განიხილავს. მოსამართლე გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში გამოაცხადებს.