ონისე ცხადაძის ძმა: "ვიბრძოლებთ ბოლომდე - მოსამართლე სანქციებისთვის მოემზადოს"
ონისე ცხადაძის პატიმრობაში დატოვების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მყოფი იუმორისტის ძმა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.
სანდრო ცხადაძე ამბობს, რომ უკანონოდ დაკავებული იუმორისტისა და სინდისის სხვა პატიმრების გათავისუფლების იმედი ჰქონდა.
ქეთევან ჯაჭვაძის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ, სანდრო ცხადაძემ მოსამართლესაც მიმართა - "მოემზადე სანქციებისთვის".
მოლოდინი, რაც ვისაუბრე წინა დღეებში, არც ისე დიდი. მაინც იმედი გვქონდა. ოჯახის სხვა წევრებიც 2 საათის განმავლობაში, რა დროსაც მოსამართლე გასული იყო, იმედებს გამოთქვამდნენ. მოემზადოს სანქციებისთვის მოსამართლე. ვიბრძოლებთ ბოლომდე ყველგან", - ამბობს ონისე ცხადაძის ძმა.
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.
საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე.
აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.