მოსამართლეს ვუსურვებ, რომ საბრალდებო სკამზე აღმოჩნდეს - ნანკა კალატოზიშვილი
მოსამართლეს ვუსურვებ, რომ საბრალდებო სკამზე აღმოჩნდეს - ასე ეხმაურება მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლეს ვუსურვებ, რომ საბრალდებო სკამზე აღმოჩნდეს. ამას ვუსურვებ ყველა იმ მოსამართლეს, რომელიც ამ დასპოილერებულ სპექტაკლში იღებს მონაწილეობას. სამარცხვინო, მე დიდად იმედი არ მქონდა, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა, იმიტომ რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ეს ადამიანები საერთოდ აქ არ აღმოჩდებოდნენ, ამიტომ, იმედი მაქვს, მოვა დრო, როცა ყველა ერთად გასამართლდება", - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.
საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე.
აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.