"ხალხო, იცინოდნენ, სირცხვილია რასაც აკეთებთ" - ეკა დემეტრაძე მანდატურებს

10.01.25 19:19
"ხალხო, იცინოდნენ, სირცხვილია რასაც აკეთებთ" - ეკა დემეტრაძე მანდატურებს

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია - მსახიობი ეკა დემეტრაძის ცნობით, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ გამოცხადებული განაჩენის შემდეგ, ადგილზე მობილიზებული პოლიციელი მოქალაქეთა პროტესტის ფონზე იცინოდა. 

სამართალდამცველის მსგავსმა რეაქციამ სასამართლოსთან შეკრებილ საზოგადოებაში გაღიზიანება და აღშფოთება გამოიწვია, რის შემდეგაც ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციელებს სიტყვით მიმართეს. 

"თქვენ ხართ მსხვერპლები და რომ მოგიკაკუნებთ ოლიგარქი, მერე მიხვდებით, რასაც ვლაპარაკობ" - უთხრა ეკა დემეტრაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ განლაგებულ პოლიციელებს.

სირცხვილია ხალხო. თქვენ ემსახურებით საქართველოს. თქვენ იხდით გადასახადებს და თქვენ აქედან იღებთ ხელფასებს. ჩვენთვის რატომ არ არსებობთ. ჩემი თვალით ვუყურებდი და ვიდეო მაქვს. რას ქვია, არ იცინის, ვის ატყუებთ. არ გრცხვენიათ?! ვის ატყუებთ?! ოჯახები არ გყავთ ხალხო?! დები არ გყავთ, ძმები, შვილები, მშობლები არ გყავთ?! ქართველი კაცები არ ხართ?! სირცხვილია. სასამართლო ჰქვია ამას. ჯერ იმის უნდა შეგრცხვეთ, რომ ხალხსა და სასამართლოს შორის თქვენ გაყენებენ. ეს საერთოდ რას ნიშნავს, წარმოუდგენელია, რაც აქ ხდება. თქვენც ჩვენი დასაცავები ხართ და თქვენც დაგიცავთ აუცილებლად. შენი უფლებებისთვისაც ვიბრძოლებ. თქვენ ყველანი ხართ მსხვერპლები და ვერ იაზრებთ ამას. მოვა მომენტი, როცა მიხვდებით. რომ მოგიკაკუნებთ თქვენი ოლიგარქი, მერე მიხვდებით, რასაც ვლაპარაკობ", - ამბობს ეკა დემეტრაძე. 

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.

საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. 

აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.