სხვა მოლოდინი არც გვქონია, ეს ბიჭები არიან პოლიტიკური ტყვეები - შოთა თუთბერიძე

10.01.25 19:17
სხვა მოლოდინი არც გვქონია, ეს ბიჭები არიან პოლიტიკური ტყვეები - შოთა თუთბერიძე

დღევანდელ პროცესზე ვნახეთ, რომ სასამართლომ მოლოდინი გაამართლა, სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ნეგატიური იყო, - ამის შესახებ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

თუთბერიძის შეფასებით, მოსამართლე ჯაჭვაძემ შეასრულა ის დაკვეთა, რომელიც მიღებული ჰქონდა “ქართული ოცნებიდან“.

“მოსამართლე იყო პროკურორის როლში“, - ამბობს ადვოკატი.

დღევანდელ პროცესზე ვნახეთ, რომ სასამართლომ მოლოდინი გაამართლა, სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ნეგატიური იყო. მათ შეასრულეს ის დაკვეთა, რომელიც მიღებული ჰქონდათ “ქართული ოცნებიდან“. მოსამართლე იყო პროკურორის როლში, არაფერი გარდა იმისა, რომ პროკურატურის პოზიცია გაემყარებინა და გაევრცელებინა, არ გაუკეთებია. სხვა მოლოდინი არც გვქონია, ეს ადამიანები არიან ტყვეები. არავის ეგონოს, რომ მათი ბრალი არის ან ვინმეს, ან რამეს დაზიანება საერთოდ, ერთ-ერთის ბრალი არის, რომ მან მუყაო ისროლა დაუდგენელი მიმართულებით, შესაძლოა, ნაგვის ბუნკერშიც. ეს ბიჭები არიან პოლიტიკური ტყვეები, რომელთა განთავისუფლების სამართლებრივი გზები ამ ქვეყანაში სამწუხაროდ არ არსებობს, მე ორმაგად მტკივა, როცა ამას ვამბობ, როგორც ადვოკატს და როგორც მოქალაქეს. ამ ბიჭების ხსნა პოლიტიკური ნების ფორმირებაა, რომელიც შესაძლებელია მოხდეს კეთილგონიერების ნიადაგზე, თუმცა “ოცნების“ რესურსი ამას ალბათ არ ეყოფა, ამიტომ პოლიტიკური ნების ცვლილება უნდა გამოიწვიოს იმ წნეხმა, რომელიც განხორციელდება საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.

საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. 

აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.