ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ - მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი

10.01.25 19:30
ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ  - მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი

ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ - ამბობს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი მოსამართლე თამარ ჯაჭვაძის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული პირი პატიმრობაში დატოვა. 

ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილების გასაჩივრება ჯერ შიდა დონეზე მოხდება, შემდეგ კი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაიგზავნება.

გავასაჩივრებთ ჯერ შიდა დონეზე, შემდეგ კი ეს იქნება საქმე, რომელიც გაიგზავნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, იმიტომ რომ დღეს რა პროცესიც ვიხილეთ, ყველაფერი იყო პროცესის გარდა და ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოს იყო გაცილებული. სამართლებრივ ჩარჩოში მხოლოდ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია  და მოსამართლის აცილების შუამდგომლობა იყო, რომელიც იმის დემონსტრირება იყო, როგორ უნდა მოექცეს მოსასმართლე დაცვის მხარე, რომელიც  ჩამოდის დარბაზში უკვე დაწერილი გადაწყვეტილებით, - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.  

მისივე თქმით, მოსამართლეს არანაირი არგუმენტაცია არ ჰქონია და გადაწყვეტილება 30 წამში გამოაცხადა.

გადაწყვეტილება 30 წამში გამოაცხადა, შემოვიდა ამ პიროვნებების სახელები და გვარები ჩამოთვალა და ის, რომ მათ ტოვებდა პატიმრობაში. მაშინვე გავიდა დარბაზიდან და არანაირის სიტყვა არ უთქვამს, რათა აეხსნა რა მდგომარეობამ მიაღებინა ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ავიღებთ ამ გადაწყვეტილებას და გავეცნობით. მე ვთვლი, ეს იყო დარღვევებით წარმართული რამდენიმე საათია, რომელიც მედიისთვისაც უნდა გახდეს ხელმისაწვდომი, რათა საზოგადოებამ ნახოს, რეალურად როგორ ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას მოსამართლე, რომელიც პროკურატურის მხრიდან უყურებდა დღევანდელ პროცესს“, - დასძინა მან.

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.

საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. 

აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.