"მონები და აბსოლუტური შემსრულებლები არიან, რომ დაავალონ, კაცსაც მოკლავენ - ანდრო ჭიჭინაძის მამა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე
"მონები და აბსოლუტური შემსრულებლები არიან, რომ დაავალონ, კაცსაც მოკლავენ" - ამ სიტყვებით შეხვდა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამა მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც 11 რეჟიმის ტყვე ციხეში ჩატოვა.
მსახიობის მშობელი ამბობს, რომ ივანიშვილის სასამართლოსგან ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არც ჰქონდა.
ამათთან რამის ილუზია არ შეიძლება გქონდეთ. უბრალოდ, რაღაცა მომენტშუი შემექმნა ძალიან უცნაური გრძნობა, დრო რომ გაიწელა, რაღაცაზე ხო არ არის ბჭობა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. აბსოლუტური მონები, აბსოლუტური შემსრულებლები "თავისი საქმის 5-ზე", რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ, რომ უთხრან კაცი მოკალი, მოკლავენ, დარწმუნებული ვარ", - ამბობს ანდრო ჭიჭინაძის მამა.
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.
საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე.
აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.