"უნდა შევახსენოთ მოსამართლეებს, რომ დრონი მეფობენ და პასუხისმგებლობა ყველას მიადგება" - ტატო ქელბაქიანი
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რიგითი მოქალაქეების გარდა, უკანონოდ დაკავებული ადამიანების ოჯახის წევრებიც დგანან. ტატო ქელბაქიანი "ტვ პირველის" ეთერიდან სოლიდარობას უცხადებს თითოეულ იმ პირს, რომელსაც ხელბორკილები სამშობლოს სიყვარულისთვის დაადეს.
პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქე დარწმუნებულია, რომ რეჟიმის მსახური ყველა მოსამართლე სისხლის სამართლებრივი წესით უახლოეს მომავალში დაისჯება.
"უნდა შევახსენოთ მოსამართლეებს, რომ დრონი მეფობენ და პასუხისმგებლობა ყველას მიადგება" - ამბობს იურისტი, რომლის არასრულწლოვანი შვილიც სპეციალური დანიშნულების რაზმებმა ჯერ სცემეს, შემდეგ კი დააპატიმრეს.
ძალიან რთულია ამ სასამართლოსგან მოლოდინი გქონდეს. ქოფი ფეისთით გადააქვთ პროკურორების მიერ მიწოდებული ტექსტი. არანაირ სამართალთან ამას კავშირი არ აქვს. ეს ადამიანები არიან ტყვეები და რეჟიმი ცდილობს, ტყვეებით ივაჭროს. მე ყველა პოლიტპატიმარს სოლიდარობას ვუცხადებ. ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და ბრძოლა გავაგრძელოთ.
ამ რეჟიმის მთელი სისტემა რეპრესიულ მექანიზმზე, დაშინებაზეა აგებული. ჩვენ პროტესტი და წნეხი უნდა გავაგრძელოთ, მათ შორის, სასამართლოზე. უნდა შევახსენოთ მოსამართლეებს, რომ დრონი მეფობენ, მეგობრებო და პასუხისმგებლობა ყველას მიადგება. ზუსტად ამ მოსამართლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება და სხვა, ვისიც ამ რეჟიმის სამსახურშია და უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს", - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის მამა.
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.
საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე.
აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.