"გვინდოდა, ჩვენი შვილები გულში ჩაგვეკრა და სახლში სიხარულით წამოვსულიყავით... განაჩენი მეხის დაცემა იყო" - რეზო კიკნაძის დედა

10.01.25 22:16
"გვინდოდა, ჩვენი შვილები გულში ჩაგვეკრა და სახლში სიხარულით წამოვსულიყავით... განაჩენი მეხის დაცემა იყო" - რეზო კიკნაძის დედა

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ სინდისის პატიმრების ციხეში დატოვებას რეჟიმის პატიმრის, რეზო კიკნაძის დედა უსამართლო გადაწყვეტილებად აფასებს. 

მაია ლეკიშვილი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ მის შვილს, რომელსაც ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ, სამშობლოს სიყვარულისთვის სჯიან. 

მაია ლეკიშვილი იმედოვნებდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ობიექტური განაჩენი გამოცხადდებოდა, თუმცა გადაწყვეტილების გაგების შემდეგ, რეჟიმის ტყვეების პატიმრობაში დარჩენა მისთვის მეხის დაცემის ტოლფასი იყო. 

"გვინდოდა, ჩვენი შვილები გულში ჩაგვეკრა და სახლში სიხარულით წამოვსულიყავით, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა" - ამბობს რეზო კიკნაძის დედა. 

ყველაფერი არასამართლიანად ჩატარდა. სხდომის დასრულებამდე მქონდა იმედი, რომ მოსამართლე ჩვენ მხარეზე ცოტა მაინც გადმოიხრებოდა, შეეცოდებოდა უკანონოდ დაჭერილი პატიმრები და გამოუშვებდა მათ. მე სურვილი მქონდა, რომ 11-ივე პატიმარი გამოეშვათ და თავიანთი მშობლების, ახლობლების გულები გაეხარებინათ, ჩაგვეკრა ჩვენი შვილები გულში და სახლში სიხარულით წამოვსულიყავით, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა. პატიმრობაში დატოვება მეხის დაცემა იყო. ყველას ვთხოვ, შეიცოდეთ უკანონოდ დაპატიმრებული რეჟიმის ტყვეები და გამოუშვან სულ ყველა", - ამბობს მაია ლეკიშვილი. 

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.

საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. 

აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.