"მოჩვენებითი სასამართლო პროცესის კლასიკური მაგალითი იყო" - თუთბერიძე დღევანდელ სხდომაზე

10.01.25 22:42
"მოჩვენებითი სასამართლო პროცესის კლასიკური მაგალითი იყო" - თუთბერიძე დღევანდელ სხდომაზე

იუმორისტ ონისე ცხადაძის ადვოკატი, ლაშა თუთბერიძე "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხდა ის, რაც ყველასთვის მოსალოდნელი იყო. 

"პროცესი იყო კლასიკური მაგალითი მოჩვენებითი სასამართლო პროცესის" - ამბობს ლაშა თუთბერიძე და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ მართლმსაჯულების სტანდარტებს "მუსრი გაავლო და გაანადგურა".

ამასთან, შოთა თუთბერიძე აანონსებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს. 

მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. პროცესი იყო კლასიკური მაგალითი მოჩვენებითი სასამართლო პროცესისა, მოჩვენებითი მართლმსაჯულებისა. მართლმსაჯულების რა სტანდარტიც გვქონდა, სახელმწიფომ მუსრი გაავლო ამასაც და გაანადგურა, როდესაც ჯერ პოლიციელებს "ჩადებები" დააწყებინა და გააცამტვერა იმიჯი ყველა სახელმწიფო ორგანოსი. მოსამართლეს არც ერთხელ შეუხედავს იმ ადამიანებისთვის, რომელსაც ასამართლებდა. ამ ადამიანებისთვის ყურება და მათი ციხეში გაშვება ამავდროულად არ არის მარტივი", - ამბობს ლაშა თუთბერიძე. 

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.

საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. 

აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.