პრეზიდენტი: დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება

11.01.25 16:27
პრეზიდენტი: დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება

დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ზუგდიდში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა შესავალი სიტყვა, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის გახსენებით დაიწყო: 

''საბერიოში ტრაგედიის დღეებში მოხდა ის, რაც დიდი ხანია არ შემდგარა - ერთობა აფხაზებისა და ქართველების, ძალიან დიდი ერთობა ამ ტრაგედიის ირგვლივ და ამ ტრაგედიის გამო'' - ამბობს ზურაბიშვილი. 

მისი თქმით, რუსეთის მიზანი ისტორიულად იყო - დაყავი და იბატონე - და ყველანაირად ეცადა.

მინდა გავიხსენო ის ტრაგედია, რომელიც აქედან ძალიან ახლოს მოხდა - საბერიოში, ბავშვები, რომლებიც ამ დიდ უსამართლობას ემსხვერპლნენ. მინდა ჩემი მწუხარება გავუზიარო საბერიოსა და მთლიანად აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას.

მინდა ვთქვა, საბერიოში ტრაგედიის დღეებშიც და შემდგომ მოხდა ის, რაც დიდი ხანია არ შემდგარა - ერთობა აფხაზებისა და ქართველების, ძალიან დიდი ერთობა ამ ტრაგედიის ირგვლივ და ამ ტრაგედიის გამო. ეს არის ის, რაც ჩვენი მომავალია, არა ტრაგედიებით რა თქმა უნდა, არამედ ჩვენი ერთობა. ეს არის ის, რომელსაც რუსეთი მუდამ ებრძოდა და ებრძვის და რაშიც რუსეთი დამარცხდება, იმიტომ, რომ ჩვენი ერთობა მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდება.

რუსეთის მიზანი ისტორიულად იყო - დაყავი და იბატონე - და ყველანაირად ეცადა. ეს სამეგრელოსაც შეეხო, ამიტომ არის რომ დღემდე, ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ მეგრული ენა უნდა იყოს დაცული, რომ ეს არის ჩვენი საგანძური, რომ სვანური ენა უნდა იყოს დაცული და ეს არის ჩვენი საგანძური და აქ არანაირი საფრთხე არ არსებობს.

არანაირი საფრთხე არ არსებობს, იმიტომ ჩვენ ვართ ერთნი, ჩვენი ძალიან დიდი მრავალფეროვნებით, რომელიც ნამდვილად არის ჩვენი სიძლიერე, ჩვენი წარსული და მომავალი და ვერავინ ვერ წაგვართმევს - ვერც მეგრულ და სვანურ ენებს, ვერც სამეგრელოს და ვერც აფხაზეთს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში ტრაგედია  5 იანვარს დატრიალდა.

ადგილობრივების თქმით,  ღუმელის დანთებისას ბებიას, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია, რასაც ცეცხლის აალება მოჰყვა. 

დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი - 8 თვის.

ბავშვების ბებია კლინიკაშია მოთავსებული.