სინდისის პატიმრების საქმის განხილვა ამ დრომდე ვერ იწყება - სასამართლოში სახაზინო ადვოკატები გამოიძახეს

11.01.25 17:04
სინდისის პატიმრების საქმის განხილვა ამ დრომდე ვერ იწყება - სასამართლოში სახაზინო ადვოკატები გამოიძახეს

სინდისის პატიმრების საქმის განხილვა ამ დრომდე ვერ იწყება. სასამართლოში სახაზინო ადვოკატები გამოიძახეს. ამ წუთებში უფლებადამცველები სასამართლოს დერეფნებში სხედან და დაკავებულების საქმეებს სწავლობენ.

პროცესი იქამდე ვერ განახლდება, ვიდრე  ადვოკატები მზად არ იქნებიან. საბრალდებო სკამზე ოლიგარქის რვა უკანონო პატიმარი ზის. დიდი უხერხულობა საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გამო შეიქმნა. მან კატეგორიული უარი თქვა დარბაზის შეცვლაზე, რასაც პროტესტი მოყვა და სხდომათა დარბაზი დემონსტრაციულად დატოვეს დაკავებულებმაც და ადვოკატებმაც. დაკავებულთა ნაწილი 21 წელს მიუღწეველი პირია, ერთი კი არაქართულენოვანი რაც იმას ნიშნავს რომ ადვოკატის გარეშე მათ საქმეზე მსჯელობა ფიზიკურად ვერ დაიწყება. 

დაახლოებით ერთი საათია, რაც ბრალდების მხარემ გადმოგცა მტკიცებულებები დამატებით ბრალდებულებთან დაკავშირებით, რომლებიც არ მქონდა მე პირადად წარმოებაში. ერთი საათის განმავლობაში ვეცნობი, მაგრამ მიმაჩნია რომ კიდევ დამჭირდება დრო, იმიტომ რომ არის მრავალ ტომიანი. ამას სჭირდება გარკვეული დრო, რომ დამუშავდეს მასალები. სრულყოფილად გაქვს მასალები და ვეცნობით, რომ წარვდგეთ სასამართლოს წინაშე'', - ამბობს "ტვ პირველთან" ადვოკატი, სოფიო გოგლიჩიძე.

 გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ 5 ტომიანი საქმის სრულყოფილად შესასწავლად დრო არის საჭირო და ამ შუამდგომლობას ის მოსამართლის წინაშე დააყენებს. რაც შეეხება დიდ დარბაზში სხდომის ჩატარებაზე მოსამართლის უარს, ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლომ უნდა უზრუნველყოს პროცესის ჩატარება შესაბამის პირობებში, მითუმეტეს როცა ამის შესაძლებლობა იყო.

ადვოკატი მომზადებული უნდა წარსდგეს სასამართლოზე, ამას მე ვცდილობ და იმედია სასამართლო შემიწყობს ხელს.

უკეთესი იქნებოდა, სასამართლოს გაეთვალისწინებინა ადვოკატების შუამდგომლობა და უფრო დიდი დარბაზში გადაეყვანა. მეც იგივე პოზიცია მექნება სასამართლომ უნდა უზრუნველყოს სასამართლოს ჩატარება შესაბამის პირობებში, მითუმეტეს როცა ამის შესაძლებლობა იყო.

ჩვენ ვმონაწილეობთ სავალდებულო დაცვის შემთხვევაში. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ავდგეთ და წავიდეთ და პროტესტის ნიშნად დავტოვოთ. ჩვენ ვაპროტესტებთ, მაგრამ დარბაზს ვერ დავტოვებთ, იმიტომ რომ სახელმწიფოს ხარჯზე დავინიშნეთ, თუ ბრალდებულები თავის ადვოკატებს ენდობიან უფრო მაშინ ადვოკატები უნდა გამოცხადდნენ და გააგრძელონ სასამართლო პროცესი '', - ამბობს გიორგი მდინარაძე.

სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი დაკავებული შეუძლოთ გახდა. ირაკლი მიმინოშვილს უჰაერობის გამო, მედიკოსების დახმარება დასჭირდა. ექიმებმაც დაადასტურეს რომ დაკავებული ახალგაზრდა სწორედ ამ მოტივის გამო გახდა შეუძლოთ თუმცა მოსამართლე  ირაკლი ხუსკივაძისთვის ეს განმარტება საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა.

სხდომათა დარბაზში  დილიდან უხერხულობა იყო. დაკავებულების საბრალდებო სკამები არ ჰყოფნიდათ, ადვოკატებს კი მაგიდები. სასამართლო დარბაზი ხალხით იყო გადავსებული.

საბოლოოდ კი ადვოკატებმა ბრალდებულებმა და მათმა მხარდამჭერებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება  სხდომათა დარბაზიდან გასულიყვნენ. ეს არის არაადამიანური მოპყრობა და ღირსების შელახვაა - აცხადებენ ადვოკატები და უკანონოდ დაკავებული მომიტინგეების მშობლები.

მსგავსი სიახლეები