ბრალდებულებს არ ჰკითხეს, ისე დაუნიშნეს სახაზინო ადვოკატები, რომლებსაც ორდენებიც არ ჰქონდათ... სრული ბარდაგია - ზურაბ ცეცხლაძე
საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს - ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც მან "პირველებთან" განაცხადა, ბრალდებულებს არ ჰკითხეს და ისე დაუნიშნეს სახაზინო ადვოკატები, რომლებიც საქმის მასალებს არ იცნობენ - "სრული ბარდაგია".
"სასამართლო მკვდარი, მოსამართლე კი უგულო და უნამუსო არის" - თქვა სინდისის პატიმრის მამამ.
არ აქვს მნიშვნელობა და საერთოდ არ აქვს აზრი ამ პროცესში მონაწილეობას. ჩვენი ადვოკატები არ არიან, ბრალდებულები არ არიან. ბრალდებულებს არ ჰკითხეს, ისე დაუნიშნეს ვიღაც სახაზინო ადვოკატები, რომლებსაც ორდენებიც არ ჰქონდა, საქმის მასალებს არ იცნობდნენ, მოკლედ სრული ბარდაგია. არანაირი სასამართლო, არანაირი სამართალი. ფაქტობრივად, ერი მიზანი აქვთ ვადაში ჩაეტიონ, რაღაცა შეთითხნონ ე.წ. სასამართლოს დადგენილების სახით, თითქოს ვადა გაუგრძელდათ მოცემულ შემთხვევაში ამ პოლიტ პატიმრების. სრული ფარსი, სრული ფსკერი სასამართლო და ფსკერს ქვემოთ არის მოსამართლე ხუსკივაძე. სასამართლო მკვდარია და უგულო, უნამუსო არის მოსამართლე'', - ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურია - ადგილზე მობილიზებულ მანდატურებსა და შეკრებილ მოქალაქეებს შორის ადგილი სიტყვიერ დაპირისპირებას აქვს.
როგორც "ტვ პირველის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დაცვის სამსახურის თანამშრომლები ფოიედან სინდისის პატიმრების მხარდამჭერებს აძევებენ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი განახლდა. მანამდე კი სასამართლოში სახაზინო ადვოკატები გამოიძახეს, რომლებიც სასამართლოს დერეფნებში ისხდნენ და დაკავებულების საქმეებს სწავლობდნენ.
პროცესში სახაზინო ადვოკატების ჩართვა პროტესტის ნიშნად დაკავებულებისა და მათი ადვოკატების მიერ სხდომათა დარბაზის დატოვებამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ 4 დაკავებული - ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი 21 წელს მიუღწეველი პირები არიან, კიდევ ერთი ბრალდებული ინსაფ ალიევი კი ქართული ენის არ მცოდნეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადვოკატის გარეშე მათ საქმეზე მსჯელობა ფიზიკურად ვერ დაიწყებოდა.