"მარაზმი, სხვა არაფერი ახსნა ამას არ აქვს... ტიტუშკები გარეთ ხალხს ებრძვიან და ბავშვები არიან ციხეში" - მოქალაქე

11.01.25 19:13
"მარაზმი, სხვა არაფერი ახსნა ამას არ აქვს... ტიტუშკები გარეთ ხალხს ებრძვიან და ბავშვები არიან ციხეში" - მოქალაქე

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი სინდისის პატიმრების მხარდაჭერებში გაღიზიანება და გაბრაზება მოყვა. 

როგორც ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, ის, რაც დღეს სხდომათა დარბაზში ხდებოდა, სრული მარაზმია. ამასთან, ღიმილის ბიჭების ოჯახის წევრები, მეგობრები და ნაცნობები უწყვეტ ბრძოლას აანონსებენ და ამბობენ, რომ იქამდე, სანამ სასურველ მიზანს არ მიაღწევენ, არ დანებდებიან. 

მარაზმი, სხვა არაფერი ახსნა ამას არ აქვს. ყველანაირი უკანონობა, საშინელება. ტიტუშკები გარეთ ხალხს ებრძვიან და ბავშვები არიან ციხეში. ვიბრძოლებთ ბოლომდე, არ გავჩერდებით არასდროს", - ამბობს მოქალაქე. 

ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი და კიდევ 5 დაკავებული თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.  

დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.