"მაქვს მხოლოდ იმ დღის მოლოდინი, როცა ეს რეჟიმი ჩამოემხობა" - ლაშა კაცია
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში სინდსის პატიმრების მხარდასაჭერად დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას ძმაც იმყოფება.
როგორც ლაშა კაცია "პირვლებეთან" ამბობს, არანაირი მოლოდინი არ აქვს გარდა იმისა, რომ "რეჟიმი ჩამოემხობა და "ქართული ოცნება" ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება".
ერთადერთი მიზეზით ვარ აქ, ის ადამიანები, ვინც ამ რეჟიმმა დაატყვევა, მათ მხარდასაჭერად. ყველანი ჩემი ძმები არიან, ყველანი ჩემი მეგობრები არიან და მათთან ერთად, მათი თავისუფლებისთვის და საქართველოსთვის ვიბრძვი მეც, მეტი არაფერი. მოლოდინი, რაც შეეხება არაფრის მოლოდინი არ მაქვს აბსოლუტურად, მაქვს იმ დღის მოლოდინი, როცა ეს რეჟიმი ჩამოემხობა და დამთავრდებიან ერთხელ და სამუდამოდ'', - ამბობს ლაშა კაცია.
ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი და კიდევ 5 დაკავებული თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.